დოლარს მკვეთრ ვარდნას უწინასწარმეტყველებენ

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარს მკვეთრ ვარდნას უწინასწარმეტყველებენ

დოლარს მკვეთრი ვარდნა ელის - ვარაუდობს იელის უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, „მორგან სტენლის“ აზიის შტოს ყოფილი თავმჯდომარე სტივენ როუჩი. მან ორშაბათს გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის შესაბამისადაც, უახლოეს მომავალში დოლარი თავის ძირითად მეტოქეებთან წყვილებში, ჯამში 35 პროცენტით გაუფასურდება.

ასეთი პესიმისტური პროგნოზის მიზეზებად, ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის ზრდა და დანაზოგების კლებაა დასახელებული. გარდა ამისა, როუჩი ამბობს, რომ ჩინთის განვითარებას და მის სავაჭრო პარტნიორთა სიიდან აშშ-ის გამოყოფა, დლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის როლს დაასუსტებს და საბოლოოდ, დაასრულებს კიდეც.

თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია, რომლებიც ყველაზე პესიმისტურ სცენარს ეყრდნობა. რეალობაში კი დოლარი კვლავაც ურისკო აქტივად რჩება და ყოველთვის მყარდება, როცა მსოფლიოში დაძაბულობა მატულობს. თანამედროვე მსოფლიოს მთავარ პრობლემად კი ისევ Covid-19 რჩება, რომელმაც როგორც ჩანს, მეორე ტალღა დაიწყო.

ამერიკის ექვს შტატში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კი ეპიდემიამ ახალი ძალით იფეთქა, რის გამოც, მთავრობა მკაცრ შეზღუდვებს აბრუნებს.

ამ ყველაფერთან ერთად, ჩინეთსა და ინდოეთს შორის დაძაბულობამ პიკს მიღწია, რაც მხარეებს შორის საზღვარზე შეტაკებით დასრულდა. შედეგად, 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა, ჩინეთი კი დაღუპულთა რიცხვს არ აქვეყნებს.

ოპრიმისტური სტატისტიკა გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებში. კერძოდ, საცალო გაყიდვები მაისში თითქმის 18 პროცენტით არის გაზრდილი. ეს რეკორდული მაჩვენებელია მას შემდეგ (1992 წლიდან), რაც აღნიშნული სტატისტიკა ქვეყნდება. ასეთ მკვეთრ ზრდას კი აპრილში წინ უძღოდა კიდევ უფრო მკვეთრი ვარდნა, რაც პანდემიით იყო გამოწვეული. ასეა თუ ისე, ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ფსკერი გავლილია და პანდემიით გამოწვეული შოკიც უკან დარჩა.

ოპტიმისტური სტატისტიკის მიუხედავად, ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი თვლის, რომ ეკონომიკის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება სწრაფად ვერ მოხდება.