დოლარს აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემოტევა ასუსტებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარს აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემოტევა ასუსტებს

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის კვალობაზე, დოლარის კურსი კლებულობს. უკვე ექვსი დღეა, რაც ამერიკული ვალუტა ეცემა და გუშინ და დღეს მან წლევანდელი მინიმუმი ზედიზედ ორჯერ განაახლა.

როგორც წესი, კრიზისულ სიტუაციებში, ამერიკული ვალუტა რისკებისგან თავშესაფრის როლს ასრულებს, რაც მის გამყარებას იწვევს. მაგრამ ამჯერად ინვესტორებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეპიდემიის გამო, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა გაჭირდება. სწორედ ეს გარემოება იწვევს დოლარის დასუსტებას.

დღეს დოლარის ინდექსი, რომელიც სხვა ექვს ძირითად ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 94.627-მდე დაეცა და მარტში დაფიქსირებული მინიმუმი (94.650) გადალახა. ასე დაბლა ის 2018 წლის შემდეგ არ ჩამოსულა. სხვათა შორის, მარტში წლის მინიმუმის დაფიქსირების შემდეგ, ინდექსი მკვეთრად გაიზარდა და ბოლო ოთხი წლის მაქსიმალური მაჩვენებელი განაახლა.

USD/JPY 106.17-მდე შემცირდა, GBP/USD 1.2780-მდე გაიზარდა, EUR/USD 1.1625-მდე გაიზარდა, რაც 2018 წლის ნოემბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. შექმნილ სიტუაციაში, ევრომ რისკებისგან თავშესაფრის როლი დოლარისგან გადაიბარა, რაშიც ხელი ევრო ზონის ეკონომიკის აღდგენის 750-მილიარდ ევროიანი ფონდის შექმნამ შეუწყო.

შეერთებულ შტატებში სიტუაცია კორონავირუსის ახალმა შეტევამ გაართულა, რის გამოც, რამდენიმე შტატმა ისევ ჩაკეტა საზღვრები და შეზღუდვები დააწესა. თავის მხრივ, ეს უმუშევრობის ზრდას იწვევს - ბოლო კვირაში სამუშაო 1.416 მილიონმა ადამიანმა დაკარგა. გარდა ამისა, ეკონომიკის სტიმულირების ახალი ფინანსური პაკეტის მიღება კონგრესში გაჭიანურდა. მისი დამტკიცების ბოლო ვადა კი თვის ბოლოს იწურება.