დოლარს ამერიკული ბონდების მომგებიანობის ზრდა აძლიერებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარს ამერიკული ბონდების მომგებიანობის ზრდა აძლიერებს

დღეს დოლარის ინდექსმა ამ კვირის მაქსიმუმი განაახლა. მის გამყარებას ხელს უწყობს როგორც სახაზინო ბონდების მომგებიანობის ზრდა, ასევე ევროს დასუსტება. ევროპის ცენტრალური ბანკი ხვალ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს და იმის მოლოდინში, რომ სტიმულირების პროგრამა გაგრძელდება, ბაზარი ევროსადმი პესიმისტურ განწყობას ავლენს.

დოლარის ინდექსმა დღეს 92.87-ს მიღწია, თუმცა ევროპული სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, 92.62-მდე შემცირდა. ევროს და დოლარის წყვილი თითქმის 1.1800-მდე შემცირდა, თუმცა შემდეგ 1.1824-მდე ამოვიდა. ბონდების მომგებიანობის ზრდის წყალობით, დოლარი იენთან წყვილშიც გამყარდა და ბოლო სამნახევარი კვირის მაქსიმუმს მიაღწია.

10-წლიანი სახაზინო ბონდების მომგებიანობა, 1.385 პროცენტამდე გაიზარდა, რაც შუა ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ვანდა რისერჩის“ გლობალური სავალუტო ბაზრის სტრატეგი ვირაჟ პატელი ამბობს, რომ შრომის დღის არდადეგებიდან (ორშაბათს იყო) დაბრუნების შემდეგ, დოლარის მოძრაობას ბონდების მომგებიანობა განსაზღვრავდა, ახლა კი ამინდის შემქმნელი ფაქტორი, ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებია.

პატელი დასძენს, რომ ჯეკსონ ჰოულის სიმპოზიუმზე, ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელის მიერ გამოვლენილი მტრედული განწყობის და შრომის ბაზრის სუსტი სტატისტიკის ფონზე, შესაძლოა ბაზარმა დაივიწყოს, რომ ფედრეზერვი ზოგადად ქორულად არის განწყობილი და სექტემბრის სხდომაზე, სტიმულირების პროგრამის შეკვეცის დაწყების გამოცხადებაა მოსალოდნელი. ეს კი დოლარს დროებით დაასუსტებს.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტორია საინტერესო: ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპის კლების მიუხედავად, უმუშევრობის დონე შემცირდა და საათობრივი ანაზღაურება გაიზარდა. ეს უკანასკნელი საბაბია იმისა, რომ ანალიტიკოსებს ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების მოლოდინი შეექმნათ.

ანაზღაურების ზრდის გამო, დოლარის გამყარებას ელის „მიზუჰო ბანკის“ ჰონ კონგის ოფისის სტრატეგი კენ ჩონი.

მაგრამ კორონავირუსის მორიგი ტალღა და გარდაცვალების რიცხვის ზრდა, შეიძლება იმის მიზეზი გახდეს, რომ ცენტრალურმა ბანკმა ბონდების შესყიდვის პროგრამის შეკვეცის დაწყება გადადოს. ეს კი დოლარს დაასუსტებს.

სენტ ლუისის ფედრეზერვის პრეზიდენტმა ჯეიმს ბულარდმა, ფაინენშლ ტაიმსთან საუბრისას განაცხადა, რომ შრომის ბაზრის ბოლო სტატისტიკის მიუხედავად, ცენტრალურმა ბანკმა, სტიმულირების პროგრამის შეკვეცა წელსვე უნდა დაიწყოს.