დოლარმა იენთან ერთწლიან მაქსიმუმს მიაღწია

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარმა იენთან ერთწლიან მაქსიმუმს მიაღწია

დღევანდელი ევროპული სავაჭრო სესიის დასაწყისიდან, დოლარი კვლავ მყარდება. ამერიკულმა ვალუტამ იაპონურ იენთან წყვილში, ერთწლიან მაქსიმუმს მიაღწია. ამის ძირითადი მიზეზი, აშშ-ის სახაზინო ბონდების მომგებიანობის ზრდაა, რასაც უპირველესად, ინფლაციის ზრდის მოლოდინი განაპირობებს.

დოლარის ინდექსმა, რომელიც ექვს ძირითად ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 93.20-ს მიაღწია, რაც ბოლო ოთხთვენახევრის მაქსიმალური მაჩვენებელია. ყველაზე მეტად, დოლარმა პოზიცია იენთან გაიმყარა. ამ წყვილის ფასმა 110.35-ს მიაღწია, რაც შარშანდელი მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც მთავარია, წყვილმა მნიშვნელოვანი ზღვარი - 110 გადალახა და მის ზევით დახურვის შემთხვევაში, შემდგომი ზრდის ძლიერ სტიმულს მიიღებს.

ბონდების ბაზარზე საორიენტაციოა 10-წლიანი სახაზინო ვალდებულებები, რომლის მომგებიანობამ 1.75 პროცენტს მიაღწია. ამგვარად, თითქმის მიაღწია ბოლო 14 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს (1.7540 პროცენტი), რომელიც თვის დასაწყისში დაფიქსირდა. ბონდების მომგებიანობის ზრდის მთავარი მიზეზი არის ქვეყანაში მიმდინარე სწრაფი ვაქცინაცია, რაც ეკონომიკის სწრაფი აღდგენის იმედს იძლევა. და რა თქმა უნდა, ძლიერი ფაქტორია სტიმულირების მასიური პროგრამები, რომლებიც ინფლაციის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს. ინფლაციის ზრდის მოლოდინს ის გარემოებაც აძლიერებს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მალე ინფრასტრუქტურაზე ხარჯების ზრდის გეგმას გამოაქვეყნებს. გაიზრდბა ხარჯები ჯანდაცვაზე.

დოლარის გამყარების ფონზე, ამერიკულ ვალუტასთან წყვილში მცირედით გამყარდა სტერლინგი, რომელსაც ამის საბაბი მთავრობამ მისცა - წარმატებული ვაქცინაციის წყალობით, თანდათან იხსნება შეზღუდვები.

რაც შეეხება ევროს, მისი ვარდნა გრძელდება. სავარაუდოდ, ევროპული ვალუტის დოლართან წყვილში, ამ თვეში 2.5 პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდება. ასეთი მკვეთრი კლება კი 2019 წლის ზაფხულის შემდეგ არ ყოფილა. ING-ს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევრო-დოლარის წყვილი 1.17 ნიშნულისკენ მიემართება.