დოლარმა ახალი მინიმუმი დააფიქსირა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარმა ახალი მინიმუმი დააფიქსირა

 

დღეს დოლარის ინდექსმა კვლავ გააგრძელა ვარდნა, რასაც კვლავ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული ოპტიმიზმი და შეერთებული შტატების მთავრობის მიერ, ეკონომიკის სტიმულირებისთვის ახალი პროგრამის მიღების შესაძლებლობის ზრდა განაპირობებს.

ოთხშაბათის სესიის დასაწყისში, დოლარის ინდექსმა ახალი მინიმუმი - 91.157 დააფიქსირა, რომელიც 2018 წლის აპრილის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 1.2081-ს მიაღწია ევრო-დოლარის წყვილის ფასმა, რაც ბოლო ორ წელიწადში მაქსიმალური მაჩვენებელია. დოლარის სისუსტის გარდა, ევროს გამყარებას იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ გერმანიაში ოქტომბრის საცალო გაყიდვების მოცულობა გაიზარდა.

ვაქცინასთან დაკავშირებული ოპტიმიზმი, ინვესტორებს რისკიანი აქტივებისადმი დადებითად განაწყობს. შესაბამისად, ასეთ აქტივებზე, რომელთა შორისაც ევროცაა, მოთხოვნა იზრდება. პარალელურად, დოლარზე მოთხოვნა კლებულობს, რადგან ის კვლავაც რისკებისგან თავშესაფარი აქტივის როლშია.

ბაზრებზე ოპტიმიზმს აძლიერებს ის ფაქტი, რომ ბრიტანეთმა „პფაიზერის“ და „ბიონტეკის“ მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. ამგვარად, ბრიტანეთი პირველი ქვეყანა, სადაც ვაქცინის გამოყენება (სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან) დაიწყება.

რაც შეეხება აშშ-ის სტიმულირების ახალ პროგრამას, კონგრესში წარდგენილია პროექტი, რომელიც სტიმულირებისთვის 908 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ის უკვე მოიწონა სენატის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა, თუმცა ხაზინის მდივან სტივ მნუჩინსა და წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ნენსი პელოსის შორის მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა. არსებობს იმის მოლოდინი, რომ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ.