დოლარის ინდექსმა პოზიციები აღიდგინა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარის ინდექსმა პოზიციები აღიდგინა

მსოფლიოს ბაზრები კვლავაც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკების ძლიერი ზეგავლენის ქვეშაა. განსაკუთრებით მგრძნობიარე სააქციო და სავალუტო ბაზრებია. ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აშშ-მ ჩინური პროდუქციის ნაწილზე ტარიფები გაზარდა, რასაც ჩინეთის შესაბამისი პასუხი მოჰყვა, რისკული აქტივების ვარდნა და რისკისგან თავშესასფარ აქტივებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

შექმნილ სიტუაციაში, ამერიკულ დოლართან მიმართებით, შვეიცარიული ფრანკი და იაპონური იენი გამყარდა. ინვესტორებმა ამერიკული აქციების გაყიდვა დაიწყეს. გაიზარდა იმის მოლოდინი, რომ ფედრეზერვი დოლარზე განაკვეთს შეამცირებს. ამის ფონზე, ორშაბათს დოლარის ინდექსი ბოლო სამი კვირის მინიმალურ მაჩვენებლამდე (96.822) დაეცა.

მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ სირთულეების მიუხედავად, მხარეები მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რამაც დოლარს სულის მოთქმის საშუალება მისცა. ინდექსი 97.115 ნიშნულზე ავიდა. ამერიკულმა ვალუტამ შეძლო იენთან და ფრანკთან დაკარგული პოზიციების ნაწილის დაბრუნება.

საინტერესოა, რომ 2.19 პროცენტამდე შემცირდა სახაზინო ორწლიანი ბონდების მომგებიანობა, ეს კი ფედრეზერვის განაკვეთის შუალედზე (2.25-2.50 პროცენტი) ნაკლებია. ნიუ იორკის ფედრეზერვის პრეზიდენტმა ჯონ უილიამსმა განაცხადა, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთის გარემო სავარაუდოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

საინტერესოა ისიც, რომ ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა, თავის ბოლო პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობა, ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ძლიერი რისკ ფაქტორია.