დოლარის ინდექსი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარის ინდექსი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა

მას შემდეგ, რაც სახაზინო ვალდებულებებმა კლება დაიწყო, დოლარმაც ბოლო ოთხი კვირის მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ბონდების კლებას ის გარემოება იწვევს, რომ ინვესტორები ფედრეზერვისგან განაკვეთის ზრდის დაწყებას, უახლოეს მომავალში არ ელიან.

ევროპული სესიის დასაწყისში, დოლარის ინდექსმა 18 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს - 91.535-ს მიაღწია, მოგვიანებით კი კორექციული მოძრაობით, 91.60-ს ასცდა.

პარალელურად, ევრომ დოლართან წყვილში 1.1995-ს მიაღწია და ბოლო ოთხი კვირის მაქსიმუმი განაახლა. მოგვიანებით, კორექციის ფარგლებში, 1.1957-მდე დაიწია.

დოლარმა პოზიციები იენთანაც დათმო. მათი წყვილი 108.67-მდე შემცირდა და ამჟამად ისიც კორექციაშია.

სამაგიეროდ, დოლარი გამყარდა რუსულ რუბლთან, რომელზეც ზეწოლას ის გარემოება ახდენს, რომ შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. სანქციების მიზეზი, მავნებლური კობერსაქმიანობა და ამერიკის და სხვა ქვეყნების არჩევნების პროცესებში ჩარევაა.

ING-ს სავალუტო ბაზრის უფროსი სტრატეგი პეტრ კრპატა ამბობს, რომ აშშ-ის მზარდი ინფლაცია და ეკონომიკის ზრდა, სავალუტო ბაზარზე ფასებში უკვე ასახულია. ამასთან, ფედრეზერვი დადებით სტატისტიკაზე ჯერჯერობით არ რეაგირებს. ეს ყველაფერი კი დოლარის ფასებზე აისახება.

აშშ-ის სახაზინო ბონდების მომგებიანობამ, მარტის ბოლოს 14-თვიან მაქსიმუმს (1.776 პროცენტი) მიაღწია, მას შემდეგ კი 1.6165 პროცენტამდე ჩამოვიდა. ე გარემოებაც დოლარს ასუსტებს. სხვა ფაქტორებთან ერთად, ბონდების მომგებიანობის სტაბილიზიაციას იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ ფედრეზერვი განაკვეთის დაბალ დონეზე შენარჩუნებას აპირებს.

ცნობისათვის, ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი, განაკვეთის აწევის დაწყებამდე, ბონდების შესყიდვის მოცულობას შეამცირებს.