დოლარი თებერვლის მინიმუმთან რჩება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი თებერვლის მინიმუმთან რჩება

დღეს ამერიკული დოლარი ბოლო ერთი კვირის მინიმალური მაჩვენებლის სიახლოვეს დარჩა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯერაც გაურკვეველია იმ ფისკალური სტიმულირების პროგრამის მოცულობა, რომლის გამოყოფაც, პანდემიის შედეგების დასაძლევად და ეკონომიკის დასახმრებლად იგეგმება.

დოლარი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოაცოცხლა იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ეკონომიკის სტიმულირებისთვის 1.9 ტრილიონი დოლარის გამოყოფა მოითხოვა. მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მასიური ფისკალური ხარჯვა და ფედრეზერვის არნახულად რბილი მონეტარული პოლიტიკა, ჯამში დოლარისთვის უარყოფით ფონს შექმნის.

დოლარის დასუსტებას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ კლება დაიწყო აშშ-ის სახაზინო ბონდების მომგებიანობამ. დლარის დასუსტებას მოჰყვა ციფრული ვალუტების გაძვირება. მაგალითად, ბიტკოინის ფასმა 48 ათას დოლარს მიაღწია. ზრდა მეტწილად განაპირობა ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია „ტესლას“ განცხადებამ იმის შესახებ, რომ საკუთარი რეზერვების ნაწილი, კერძოდ კი 1.5 მილიარდი დოლარი, ბიტკოინების შესაძენად დახარჯა.

ამ ყველაფრის ფონზე, დოლარის ინდექსი 90.603 დონემდე შემცირდა. ასე დაბლა კი ის 1 თებერვლის შემდეგ არ ყოფილა.

ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი, რომელიც დოლარზე უარყოფით ზეწოლას ახდენს, არის პარასკევს გამოქვეყნებული შრომის ბაზრის სტატისტიკა. ამან დოლარის ინდექსის ორკვირიანი ზრდა (რომელმაც ის 91.6 დონეზე აიყვანა) შეაჩერა.