დოლარი შესაძლოა პოზიციების დათმობას იწყებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი შესაძლოა პოზიციების დათმობას იწყებს

ამერიკულმა დოლარმა დეკემბერში პოზიციები დათმო და შესაძლოა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო. საქმე ისაა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიღწეული „პირველი ფაზის“ შეთანხმება, დოლარზე, როგორც უსაფრთხო აქტივზე, მოთხოვნას ამცირებს. გარდა ამისა, ფედრეზერვმა განაკვეთის ზედიზედ რამდენიმე შეკვეცით, სახაზინო ბონდებზე მომგებიანობის კლებას შეუწყო ხელი.

„ABN ამრო ბანკის“ ამსტერდამის ოფისის სავალუტო ბაზრის სტრატეგი ხეორხეტ ბოელე ამბობს, რომ გასულ წელს დოლარის სიმყარეს, პირველ რიგში, უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის გაზრდამ შეუწყო. ამას კი თავის მხრივ, აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი უწყობდა ხელს. მაგრამ მათ შორის პირველი შეთანხმება, უსაფრთხო აქტივებს ნაკლებად მოთხოვნადს ხდის. ბოელე ვარაუდობს, რომ დოლარი ხანგრძლივი კლების გზას დაადგა.

ბლუმბერგის დოლარის ინდექსი, რომელიც ამერიკული ვალუტის 10 ვალუტასთან საშუალო კურსს ასახავს, დეკემბერში დაახლოებით 2 პროცენტით დაეცა, რაც ბოლო ორ წელიწადში, ყველაზე მკვეთრი თვიური კლებაა. ამერიკულმ ვალუტამ სისუსტის გამოვლენა ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო, როცა გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ აშშ-ი და ჩინეთი შეთანხმებას მიაღწევდნენ.

დოლარს მეორე ძლიერი კოზირი, ცენტრალურმა ბანკმა გამოაცალა, რომელმაც ჯერ განაკვეთის ზრდის პროცესი შეაჩერა, შემდეგ კი ის ზედიზედ სამჯერ შეკვეცა. „M&G ინვესტმენტსის“ ლონდონური ოფისის ფიქსირებული შემოსავლების შტოს შეფი ჯიმ ლივაისი ვარაუდობს, რომ ფედრეზერვმა შესაძლოა, განაკვეთის შეკვეცის პროცესი წელსაც გააგრძელოს. ეს კი იმის საბაბს აძლევს, რომ დოლარის კიდევ უფრო მეტად დასუსტება იწინასწარმეტყველოს. მისივე აზრით, თუ საარჩევნო წელს, ეკონომიკა სისუსტიუსადმი მიდრეკილებას გამოავლენს, ფედრეზერვზე ზეწოლა გაიზრდება, რაც თავის მხრივ, განაკვეთის დაწევის ალბათობას გაზრდის.

ფედრეზერვის მტრედული განწყობის საბაბი ასევე არის ის გარემოება, რომ ბლუმბერგის მონაცემებით, აშშ-ის და გერმანიის ზორწლიანი ბონდების მომგებიანობას შორის სხვაობა, 350-დან 216 საბაზისო პუნქტამდე შემცირდა.

„ბრენდუეინ გლოუბლ ინვესტმენტ მენეჯმენტის“ პორტფოლიოს მენეჯერ ჯეკ მაკინტაირის აზრით, გლობალური ეკონომიკა (აშშ-ის ეკონომიკის გამოკლებით) შეერთებული შტატებისაზე სწრაფი ტემპით განვითარებას დაიწყებს, რაც ამერიკული დოლარის დასუსტების მთავარ მიზეზად იქცევა.

მაგრამ დოლარის დასუსტებას ყველა როდი ელის. „სიტიგრუპი“ თავის კლიენტებს ურჩევს, რომ დოლარს ევროსთან და კანადურ დოლართან წყვილებში უპირატესობა მიანიჭონ და ამის მთავარ საბაბად იმ პროგნოზს ასახელებს, რომლის შესაბამისადაც, ამერიკის ეკონომიკა, დანარჩენი მსოგფლიოსაზე სწრაფად განვითარდება. „გოლდმენ საქსის“ აზრით კი, დოლარი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასუსტდება, თუ ევრო და იუანი სწრაფ გამყარებას დაიწყებს, რასაც ამ ეტაპზე, მოსალოდნელად არ მიიჩნევს.