დოლარი კვირას მოგებით ასრულებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი კვირას მოგებით ასრულებს

ტურბულენტური რამდენიმე სავაჭრო დღის მიუხედავად, დოლარი კვირის მოგებით დასრულებისთვის ემზადება. მის გამყარებას, ძირითადად რისკისადმი აპეტიტის კლება განაპირობებს, რასაც თავის მხრივ, პანდემიის მორიგი გაძლიერება იწვევს. იმავდროულად, სავალუტო ბაზარი, ფედრეზერვის მორიგი სხდომისთვის ემზადება, რომლისგანაც ოპტიმისტური განწყობის მორიგ პორციას ელის.

„დოლარის ინდექსი ახლოსაა ბოლო მაქსიმუმებთან და 93.00-ის სიახლოვეს პოზიციებს ინარჩუნებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო თვის განმავლობაში, ამერიკის და გლობალური ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით, დათვური გადაფასება მოხდა, დოლარის ინდექსის მხრიდან, ეს კარგი შედეგია“, - ამბობენ ING-ს სტრატეგები კრის ტარნერი,პეტრ კრპატა და ფრანჩესკო პესოლე.

მათივე თქმით: „დოლარის ხარები კომფორტულად იგრძნობენ თავს, როცა ლაპარაკია ფედრეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების მოსალოდნელზე ადრე დაწყებაზე და როცა ბაზარზე რისკისგან გაქცევის პერიოდები იქნება, რა დროსაც, ეგრეთ წოდებული სასაქონლო და განვითარებადი ქვეყნების ვალუტები ზარალდება“.

ხუთშაბათს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ევროზე განაკვეთი უცვლელად, რეკორდულ მინიმუმზე დატოვა და განაცხადა, რომ რბილი პოლიტიკის შენარჩუნებას იმაზე დიდხანს გეგმავს, ვიდრე ადრე აცხადებდა.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა მედია ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია, რეგიონის ეკონომიკისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს, რაც მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების საშუალებას არ იძლევა. ამასთან, მანვე ეკონომიკის განვითარების უფრო დაბალანსებული პროგნოზი გამოაქვეყნა.

ამის მიუხედავად, „TD სეკურიტიზის“ ანალიტიკოსები თვლიან, რომ ECB-ს მტრედული განწყობა დროებითია და რომ ბაზარი ცენტრალური ბანკის უფრო პესიმისტურ განწყობას ელოდა. ეს კი შესაძლოა, ევროსთვის ხანმოკლე დადებითი ბიძგის მიმცემი აღმოჩნდეს.