დოლარი-იენის ფასი დაიკლებს თუ არჩევნების შედეგების გამოცხადება გადაიდება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი-იენის ფასი დაიკლებს თუ არჩევნების შედეგების გამოცხადება  გადაიდება

საინვესტიციო ჯგუფ „პრინსიპალ გლოუბლ ინვესტორსის“ ფონდების პორტფელის მენეჯერი ბინეი ჩანდგოთია ვარაუდობს, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გამოცხადება ორი კვირით დაიგვიანებს, ან შედეგები უმაღლეს სასამართლოში გასაჩივრდება, ეს უარყოფითად იმოქმედებს ამერიკული აქციების ფასებზე, 10-წლიანი ბონდების მომგებიანობასა და დოლარი-იენის კურსზე.

„აქსიკორპის“ ბანგკოკის ოფისის გლობალური ბაზრების უფროსი სტრატეგი სტივენ აინსი ვარაუდობს, რომ მოვლენათა ამგვარად განვითარების შემთხვევაში, S&P 500 დაახლოებით 10 პროცენტით დაეცემა. ცნობისათვის, S&P 500 ოქტომბერში 4 პროცენტით გაიზარდა, წელს კი დაახლოებით 8.7 პროცენტით არის გაზრდილი.

ჩანდგოთია, რომლის კომპანიაც 490 მილიარდი დოლარის აქტივებს განაგებს, ვარაუდობს, რომ 10-წლიანი ბონდების მომგებიანობა 20-25 საბაზისო პუნქტით დაიკლებს, თუ არჩევნების შედეგების გამოცხადება დაგვიანდება. ამჟამად აღნიშნული ბონდების მომგებიანობა 0.7173 პროცენტია, როცა აგვისტოში 0.5040 პროცენტი იყო.

რაც შეეხება დოლარის კურსს, ჩანდგოთიას პროგნზით, ის განვითარებადი ბაზრების ვალუტებთან, ასევე ევროსთან და სტერლინგთან გამყარდება, მაგრამ იენთან წყვილში დაიკლებს. ოღონდ რამდენად, სტრატეგი ამას არ აზუსტებს. აინსი ვარაუდობს, რომ დოლარი-იენის წყვილის ფასი მალე 100 იენამდე ჩამოვა.