დოლარი გამყარებას გააგრძელებს მაგრამ ზრდის ტემპი დაიკლებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი გამყარებას გააგრძელებს მაგრამ ზრდის ტემპი დაიკლებს

როიტერსის მიერ ჩატარებული, ეკონომისტების და სტრატეგების გამოკითხვა აჩვენებს, რომ აშშ-ის ეკონომიკის ზრდა და სახაზინო ვალდებულებების მომგებიანობის მაღალ დონეზე შენარჩუნება, დოლარის გამყარების პროცესის გაგრძელების საწინდარი იქნება. თუმცა იმავდროულად, ნაკლებად ოპტიმისტური ფედრეზერვის და მზარდი ფისკალური დეფიციტის გამო, დოლარის გამყარების პროცესი 2021 წლის მეორე ნახევარში შენელდება.

დოლარის გამყარების ტემპის კლების კიდევ ერთი მიზეზი ის იქნება, რომ ფედრეზერვის ექსტრაორდინარული მონეტარული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ინფლაციის სტაბილურობას. ფედრეზერვის წევრები ამბობენ, რომ ცენტრალური ბანკი იგნორირებით უპასუხებს ფასების ზეწოლას, რაც უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი და გარკვეული დროით, ეკონომიკას „გადახურებისგან“ არ დაიცავს, რათა დასაქმების პროცესს შეუწყოს ხელი.

„ჩვენი მოლოდინით, გაზაფხულის პიკის შემდეგ, როცა საერთო ინფლაცია 3.5, საბაზისო ინფლაცია კი 2.5 პროცენტს მიაღწევს, ფასების ზრდის ტემპი დაიკლებს. თუმცა 2 პროცენტზე მაღლა იმაზე დიდხანს დარჩება, ვიდრე ოდესმე ბოლო 10 წელიწადში“, - ამბობს „ოქსფორდ ეკონომიკსის“ აშშ-ის ოფისის უფროსი ეკონომისტი გრეგორი დაკო.

ინფლაციის უკონტროლო, სპირალური ზრდის რისკი შედარებით მცირეა, რადგან ფასების სწრაფი ზრდა, მოთხოვნას ამცირებს. გარდა ამისა, ფედრეზერვი საკმაო ინსტრუმენტებს ფლობს იმისთვის, რომ ინფლაცია აკონტროლოს.

„ინფლაცია, რომელსაც ვხედავთ, არაა ხელფასების/ფასების ზრდის სტაგნაციური პროცესი, ეს დროებითი ინფლაციაა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის პროცესს თან სდევს“, - ამბობს საბროკერო კომპანია „ოანდას“ აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი ჯეფრი ჰეილი. ის თვლის, რომ წლის ბოლოსთვის დოლარი დაიკლებს, თუმცა იაპონურ იენთან წყვილში 112.00-ს მიაღწევს.

ბრიტანულ კომპანია „ინვესკოს“ გლობალური ბაზრის სტრატეგი კრისტინა ჰუპერი ამბობს, რომ სახაზინო ბონდების მომგებიანობის ზრდის მიუხედავად, ფედრეზერვმა განაკვეთი არ უნდა გაზარდოს. ის დასძენს, რომ ცენტრალური ბანკი განაკვეთს მხოლოდ მაშინ გაზრდის, თუ 10-წლიანი ბონდების მომგებიანობა 2 პროცენტს მიაღწევს, რასაც ბაზარზე არეულობის გამოწვევა შეუძლია. მისივე თქმით, ბაზრებს 10-წლიანი ბონდების მომგებიანობის 3 პროცენტამდე გაზრდის ატანაც შეუძლია. ამ შემთხვევაში, ფედრეზერვი საქმეში არ ჩაერევა.