დოლარი ევროსთან და სტერლინგთან ზედიზედ ორი თვეა სუსტდება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი ევროსთან და სტერლინგთან ზედიზედ ორი თვეა სუსტდება

დოლარის ინდექსი ზედიზედ მეორე თვეს ამთავრებს მინუსში. მასთან წყვილში იზრდება ევრო და სტერლინგი და ასევე ჩინური იუანი, რომელიც უკვე ორი თვეა, ამერიკულ ვალუტასთან პოზიციას იმყარებს.

ახალი სავაჭრო კვირა შედარებით მშვიდად დაიწყო. დოლარის ინდექსის კლებამ სულ რამდენიმე პუნქტი შეადგინა. ის 90.00-ის სიახლოვეს რჩება და ახლოსაა წლის მინიმუმთან, რომლის გადალახვასაც უკვე რამდენიმე დღეა, ვერ ახერხებს.

გასულ პარასკევს, სტატისტიკამ აჩვენა, რომ შეერთებულ შტატებში ინფლაცია ბოლო 29 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ტემპით გაიზარდა. ამ გარემოებამ, დოლარის მკვეთრი ზრდა განაპირობა, თუმცა ინდექსმა მალევე დათმო მოგებული პოზიცია.

დოლარის სისუსტეს, ფედრეზერვის რბილი მონტარული პოლიტიკა და მტრედული განწყობა უზრუნველყოფს. საქმეს ვერც ის გარემოება შველის, რომ ეკონომიკა აღდგენას განაგრძობს, შრომის ბაზარი უმჯობესდება და ინფლაცია იზრდება. ფედრეზერვი ინფლაციის ზრდას დროებით მოვლენად აფასებს და თავისი მონეტარული პოლიტიკის შემუშავებისას, მის საშუალო მაჩვენებელს ითვალისწინებს. ეს კი, ინფლაციას დროებით მიზნობრივ დონეზე მაღლა ასვლის და გარკვეული დროით, მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნების „უფლებას აძლევს“.

საერთო ჯამში, ინვესტორების მოლოდინი ისაა, რომ ფედრეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, 2022 წლის ბოლომდე არ დაიწყებს.

ეს იმ დროს, როცა პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემებით, პირადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდის მაჩვენებელმა 3.1 პროცენტს მიაღწია, რაც 1992 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი წლიური ზრდაა.

ამ ყველაფრის ფონზე, ბაზრის მოთამაშეებმა ამერიკულ დოლარზე გაყიდვების პოზიციები გაზარდეს. შედეგად, დლარზე მოკლე პოზიციების რიცხვმა ბოლო ორთვენახევრის მაქსიმუმს მიაღწია.

რაც შეეხება ჩინურ იუანს, მან დლართან წყვილში, ბოლო სამი წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. თუმცა ჩინური მთავრობა ამით უკმაყოფილოა და ადგილობრივ ინვესტორებს აფრთხილებს, რომ იუანის გამყარებაზე სპეკულატიური გარიგებებისგან თავი შეიკავონ.

დოლართან წყვილში, ოფშორული იუანის კურსმა 6.3741-ს მიაღწია, რაც 2018000 წლის მაისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ კვირაში სავალუტო ბაზარზე მთავარი მოვლენა, აშშ-ის შრომის ბაზრის სტატისტიკაა, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდება.