დოლარი ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებათა მოლოდინში იზრდება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებათა მოლოდინში იზრდება

დღეს დოლარმა ზრდა განაახლა, თუმცა ჯერაც წინა კვირის მინიმუმთან იმყოფება და მასზე ჯერაც იგრძნობა ამერიკის შრომის ბაზრის აგვისტოს სტატისტიკის გავლენა. ამჟამად კი სავალუტო ბაზრის ყურადღება ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებზეა გადატანილი.

დოლარის ინდექსმა პარასკევს ბოლო ერთი თვის მინიმუმი (91.941) დააფიქსირა. დღეს კი უკვე 92.41-თან იმყოფება. დოლარი გამყარდა იენთან, ევროსთან და სტერლინგთან.

შრომის ბაზრის სუსტმა სტატისტიკამ, ანალიტიკოსებს აფიქრებინა, რომ შესაძლოა, ფედრეზერვმა სტიმულირების პროგრამის შეკვეცის დაწყება, სულ ცოტა, ნოემბრამდე გადადოს.

თუმცა, ამ ეტაპზე, ბაზარმა უკვე „მოინელა“ შრომის ბაზრის სტატისტიკა და ყურადღება ამერიკის მიღმა, ცენტრალურ ბანკებზე გადაიტანა. გარდა ამისა, ინვესტორები კორონავირუსის პანდემიის ახალი ძალით გავრცელების გამოც ფრთხილობენ, რაც დოლარზე მოთხოვნას ზრდის.

მეორე მხრივ, პანდმიის გაძლიერებამ, ამერიკული მომსახურების სექტორი დააზარალა, რომელიც დასაქმების ყველაზე დიდი სფეროა. შრომის ბაზრის სუსტი სტატისტიკა კი დოლარზე უარყოფითად მოქმედებს.

დღეს ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა, ბონდების შესყიდვის პროგრამა მცირედით შეკვეცა და პარალელურად გამოაცხადა, რომ სტიმულირების პროგრამას უფრო მეტხანს გააგრძელებს, ვიდრე ადრე გეგმავდა. ამას კი ავსტრალიური დოლარის დასუსტება მოჰყვა.

მომდევნო ცენტრალური ბანკი, რომელიც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს (ოთხშაბათს), კანადის ბანკია. მანამ კი კანადური დოლარი ბოლო სამი კვირის მაქსიმალური მაჩვენებლის სიახლოვეს რჩება. ბაზარი მოელის, რომ ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ოთხშაბათსვე შეიკრიბება პოლონეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პ;ოლოტიკის საბჭო. ბაზარი ელის, რომ ინფლაციის 5 პროცენტამდე ზრდის (ბოლო ორი დეკადის უმაღლესი მაჩვენებელია) კვალად, ზლოტზე საპროცენტო განაკვეთის ზრდაა მოსალოდნელი.

ხუთშაბათს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ჯერი დადგება. და ეს კვირის მთავარი მოვლენა გახდება. მისი წევრების ნაწილი თვლის, რომ დროა, ბანკმა სტიმულირების პროგრამის ეტაპობრივი შეკვეცა დაიწყოს. ევრო ზონაში ინფლაციამ 3 პროცენტს მიაღწია, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ECB-ს წევრთა ნაწილი, სტიმულირების პროგრამის შემცირების დაწყებას ემხრობა.