დასუსტდება თუ არა დოლარი წელს?

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დასუსტდება თუ არა დოლარი წელს?

წლის დასაწყისშივე, დოლარის ინდექსი, 2018 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. ახლა ის იმაზე გაცილებით დაბლაა, ვიდრე კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. გასული წლის მეოთხე კვარტალში, მისი ვარდნის ტემპი გაიზარდა.

ამ პროცესს ის გარემოება იწვევს, რომ ბაზრებზე ოპტიმიზმი გაიზარდა, რასაც ვაქცინაციის დაწყება იწვევს. შესაბამისად, ოპტიმისტურად განწყობილი ინვესტორები, სულ უფრო თამამად ყიდულობენ რისკიან აქტივებს, როგორებსაც ამერიკული დოლარი არ მიეკუთვნება.

ამ ფონზე, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2021 წელი წინა წლისგან ძლიერ განსხვავებული იქნება. ამას კი თავისი მიზეზი აქვს. საქმე ისაა, რომ პანდემიის ეკონომიკაზე გავლენის დასასუსტებლად, საჭირო გახდა ეგრეთ წოდებული ფულის საბეჭდი მანქანის სრული დატვირთვით ამუშავება. ამერიკამ სტიმულირების სხვადასხვა პროგრამისთვის კოლოსალური თანხები გამოჰყო და რეკორდულ დონემდე გაზარდა ბრუნვაში მყოფი ბანკნოტების მოცულობა.

ამჟამად ბრუნვაში იმაზე დაახლოებით 50 პროცენტით მეტი დოლარია, ვიდრე ერთი წლის წინათ იყო. ეს იმ დროს, როცა ეკონომიკა 3.6 პროცენტით შემცირდა. ეს განაპირობებს იმას, რომ ფულმა ძალა დაკარგა. შედარებისთვის, ევრო ზონაში მონეტარული ბაზა 10 პროცენტით არის გაზრდილი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფედრეზერვმა მონეტარული ექსპანსია ძირითადად მარტში და აპრილში განახორციელა. ამის შემდეგ, პროცესი დასტაბილურდა.

შედარებისთვის, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ქმედება უფრო გაწონასწორებული იყო - ფულის გამოშვება მთელ წელზე გადანაწილდა. ამერიკაში კი სტიმულირების ახალი ეტაპია მოსალოდნელი. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც თეთრ სახლს ჯო ბაიდენი დაიკავებს.

ჭარბმა ფულმა გამოიწვია ის, რომ ბონდების ბაზრებზე მოთხოვნამ დაიკლო. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ბონდების დაბალი მომგებიანობა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი არაა. უფრო მეტიც, ფედრეზერვი სამთავრობო ვალების ვალდებულებების ფინანსირებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ მონეტარული ბაზა კიდევ უფრო გაიზრდება.

ჭარბი ფულის დიდი ნაწილი, სამომხმარებლო ბაზარზე იხარჯება, რომლის დიდ ნაწილსაც იმპორტი შეადგენს. შესაბამისად, პანდემიის დაწყებიდან, აშშ-ის საგარეო სავაჭრო დეფიციტი 37 პროცენტით გაიზარდა. აშშ-ის ეკონომიკა თვეში დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს ჰყიდის, რათა პროდუქციაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს და ეს 2008 წლის შემდეგ, რეკორდულად დიდი სავაჭრო დეფიციტია.

პანდემიის დასაწყისში, სანამ ხარჯების მკვეთრი ზრდა მოხდებოდა, ამერიკელთა კერძო დანაზოგების წილი 30 პროცენტს აღწევდა. მას შემდეგ კი, ეს წილი 13 პროცენტზე დაბლა ჩამოვიდა. ანალიტიკოსები ელიან, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდება და 8 პროცენტამდე ჩამოვა. ეს კი ნიშნავს, რომ მომხმრებელთა შორის თავდაჯერების ზრდასთან ერთად, ხარჯიც გაიზრდება, რადგან მათ დასახარჯი სახსრები ჯერაც აქვთ. ამას კი ბრუნვაში არსებული ფულის მასის ზრდა მოჰყვება. ხარჯის დიდი ნაწილი კი იმპორტირებული პროდუქციის შეძენას მოხმარდება.

რა თქმა უნდა, სამომხმარებლო ბაზარზე თავდაჯერების ზრდა, ვაქცინაციის წარმატებულობაზე იქნება დამოკიდებული, რასაც თავის მხრივ, ეკონმიკის გაჯანსაღება უნდა მოჰყვეს.