ცენტრალური ბანკები გამოსავლის ძიებაში არიან

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ცენტრალური ბანკები გამოსავლის ძიებაში არიან

იმ დროს, როცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკის ვარდნასთან ბრძოლაში ერთგვარი შესვენება აქვთ, ცენტრალური ბანკები ფრანკფურტში, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ყოველწლიურ სიმპოზიუმზე შეიკრიბებიან, რათა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით წარმოქმნლი ახალი პრობლემები განიხილონ.

უკვე წლებია, პრაქტიკულად უშედეგოდ მიმდინარეობს ბრძოლა დაბალ ინფლაციასთან. ცენტრალური ბანკები თითქმის ერთხმად აღიარებენ, რომ ეკონომიკური წესრიგი იცვლება. და შესაბამისად, რეაგირებისთვის მათ განსხვავებული ინსტრუმენტები სჭირდებათ.

გლობალიზაცია, კლიმატის ცვლილება, ციფრული ტექნოლოგიების დამკვიდერება, მოსახლეობის დაბერება, მზარდი უთანაბრობა და ბოლოს კორონავირუსის პანდემია, მომხმარებელთა ჩვევებს ცვლის. ეს კი ფასების ზრდას ანელებს. ასეთ სიტუაციაში, ვალუტებზე განაკვეთის ნულამდე, ზოგ შემთხვევაში კი უარყოფით ნიშნულამდე დაწევა, რეალურ შედეგს არ იძლევა.

ამიტომ, ECB, ფედრეზერვი და ინგლისის ბანკი სიმპოზიუმზე ეცდებიან გაარკვიონ, რა არის იმის მიზეზი, რომ მათ მიერ გატარებული მონტარული პოლიტიკა სასურველ შედეგს არ იძლევა და მონახონ გზები, რომლებიც მათ შეცვლილ მსოფლიოში, სიტუაციის მართვის უფრო ეფექტურ საშუალებბს მისცემს.

ამჟამად ცენტრალური ბანკებისთვის მთავარი ორიენტირი ინფლაციაა. არსებული თეორიით, დასაქმების ზრდასთან ერთად, ფასებიც იზრდება, რაც ეკონომიკას ზრდის და განვითარების სტიმულს აძლევს. მაგრამ ECB-ს და იაპონიის ბანკს უკვე წლებია, რაც განაკვეთი უარყოფით ნიშნულამდე აქვთ დაწეული. და ამის მიუხედავად, ინფლაციის მიზნობრივ დონესთან მიახლოებას მაინც ვერ ახერხებენ. უფრო მეტიც, ორივე ცენტრალური ბანკის ხელთ თავმოყრილია უზარმაზარი აქტივები, რომელთა ჯამური ღირებულება 15 ტრილიონ დოლარს აღწევს. შესაბამისად, მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტები თანდათან იწურება და ადრე თუ გვიან, მათ მთავრობების უშუალო დაფინანსება მოუწევთ, რაც ტრადიციულად, წითელ ხაზად ითვლება.

მათგან განსხვავებით, ფედრეზერვმა პანდემიამდე შეძლო ინფლაციის მიზნობრივი 2-პროცენტიანი დონის მიღწევა. მაგრამ პანდემიამ მონტარული პოლიტიკის 180 გრადუსით შემობრუნბა მოითხოვა და აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმაც, ინფლაცია თითქმის ნულოვან დონემდე სწრაფად დააბრუნა.

ამ ეტაპზე, ცენტრალურ ბანკებს სჭირდებათ ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ეკონომიკის სტაბილური განვითარების რეჟიმში დაბრუნების საშუალებას მისცემს. ფედრეზერვი უკვე ღიად აცხადებს, რომ მცირე შემოსავლის მქონე ოჯახების დახმარებაზე ფიქრობს, ECB კი მთავარ მიზნად, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის დასახვას განიხილავს. ორივე შემთხვევაში, ეს იქნება იმის საბბი, რომ ბაზარზე ჭარბი ფული გამოიტანონ, რაც ინფლაციის ზრდას შეუწყობს ხელს.

და თუ ფედრეზერვის დახმარების პროგრამა ერთჯერადი აქტი იქნება, ევროპას დათბობასთან ბრძოლის საბაბით, თავისი ეკონომიკის გარდაქმნის შესაძლებლობა მიეცემა, რაც (არცთუ შორეულ) მომავალში აუცილებლად მოუტანს სარგებელს.