ბრიტანეთში უმუშევრობის დონე შემცირდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბრიტანეთში უმუშევრობის დონე შემცირდა

ბრიტანეთში დეკემბერ-თებერვალში უმუშევრობის დონე მოულოდნელად 4.9 პროცენტამდე შემცირდა. ასეთ დაბალ დონეს არავინ ელოდა, რადგან ეს პერიოდი ქვეყანამ მკაცრი ლოკდაუნის პირობებში გაატარა.

როიტერსის მიერ გამოკითხული ეკონომისტების უმეტესობა, გასული წლის ბოლო სამ თვეში, უმუშევრობის დონის 5.0-დან 5.1 პროცენტამდე ზრდას ელოდა. მაგრამ სიტუაცია მთავრობის აგრესიულმა პოლიტიკამ შეცვალა, რომლითაც მთავრობა სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, სუბსიდიებს არ იშურებდა.

სტატისტიკის ეროვნული ოფისის (ONS) მონაცემებით, უმუშევრობის დონის კლებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ შრომის ბაზარს, დიდი რაოდენობით მამაკაცები გამოეთიშნენ. შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის წილი 0.2 პროცენტით გაიზარდა.

შრომის ბაზრის არასტაბილურობას კიდევ ერთი მაჩვენებელი ასახავს. ის ბრიტანეთის საგადასახადო ოფისმა გამოაქვეყნა. აღნიშნულის თანახმად, კომპანიებში დასაქმებულთა რიცხვი 56 000-ით შემცირდა. ეს ბოლო ოთხ თვეში პირველი კლებაა.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, ქვეყანაში სულ 813 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. ამ რიცხვის ნახევარზე მეტი, 25 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე მოდის.

„თუ ჩვენ სწრაფად არ ვიმოქმედებთ და ყურადღებას გრძელვადიანი უმუშევრების მხარდაჭერაზე არ გადავიტანთ, შეიქმნება კიდევ ერთი თაობის დაკარგვის რისკი“, - ამბობს დასაქმების კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ტონი უილსონი.

გრძელვადიან უმუშევრებად მოიაზრება დაახლოებით 363 000 ადამიანი, რომლებსაც სულ ცოტა, ერთი წელი არ უმუშავიათ. დაახლოებით ამდენივეა საშუალო ვადიანი უმუშევარი, რომლებსაც 6-12 თვე არ უმუშავიათ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ტიპის უმუშევრობის რიცხვი მალე გაიზრდება.

2020 წლის განმავლობაში, ბრიტანეთის ეკონომიკა თითქმის 10 პროცენტით შემცირდა. ასეთი კლება, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს შორის, თითქმის არცერთს ჰქონია. მაგრამ სწრაფი ვაქცინაციის წყალობით, ბრიტანეთი მესამე ლოკდაუნიდან თანდათან გამოდის, რაც ეკონომიკის გამოცოცხლებას უწყობს ხელს. ეს იმ დროს, როცა ევროკავშირში ზომებს ამკაცრებენ.