ბოლო ათწლეულში დოლარს ყველაზე უარესი, ევროს კი საუკეთესო თვე ჰქონდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბოლო ათწლეულში დოლარს ყველაზე უარესი, ევროს კი საუკეთესო თვე ჰქონდა

ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა რისკებმა, დოლარზე მოთხოვნს კლება გამოიწვია, რის გამოც, ამერიკულ ვალუტას ბოლო 10 წელიწადში ყველაზე უარესი თვე ჰქონდა. თვის ბოლოს დოლარის ვარდნა იმ გარემოებამაც გააძლიერა, რომ ფედრეზერვმა ეკონომიკის სტიმულირების დამატებითი საშუალებების გამოყენებისგან, ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

დოლარის ინდექსი დღეს 92.55-მდე დაეცა, რაც ბოლო ორი წლის მინიმალური მაჩვენებელია. ამჟამად კი 92.93-მდე ამოიწია. ევროსა და დოლარის წყვილმა 1.1910-ს მიაღწია, თვის განმავლობაში კი მთავარი სავალუტო წყვილი თითქმის 6 პროცენტით არის გაზრდილი. ევროდოლარს ერთ თვეში ასეთი მკვეთრი ზრდა, ბოლო 10 წელიწადში არ ჰქონია. დოლართან წყვილში ბოლო ოთხნახევარი თვის მაქსიმუმი განაახლეს იენმა და სტერლინგმა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამწვავების გამო, შეერთებული შტატების ეკონომიკამ დასუსტება განაახლა. მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 32.9 პროცენტით დაეცა. წინა კვირაში უმუშევართა რიცხვი 12 000-ით გაიზარდა, რაც აშკარა მინიშნებაა იმისა, რომ შრომის ბაზრის გაჯანსაღების პროცესი შეჩერდა.

რესპუბლიკელები და დემოკრატები, ეკონომიკის სტიმულირების დამატებით პაკეტის დამტკიცებასთან ახლოსაც არ არიან. ეს იმ დროს, როცა პირველი პაკეტების ნაწილი მალე ამოიწურება.

„კომერცბანკის“ ტექნიკური ანალიზის კვლევის ჯგუფის შეფი კარენ ჯონსი ამბობს, რომ ევროდოლარმა საკმაოდ იოლად შეძლო წინა მაქსიმუმის და იმავდროულად, 1.2552-დან ვარდნის ფიბონაჩის აღდგენის 61.8-პროცენტიანი დონის გადალახვა, რომლებიც პრაქტიკულად ეთმანეთს ემთხვეოდა. ამჟამად წყვილი 200-თვიანი მოძრავი საშუალოსკენ მიემართება, რომელთანაც შეხვედრა 1.2635-ის მიდამოებშია მოსალოდნელი.

უნდა ითქვას ისიც, რომ თვის ბოლოს ტრეიდერებს მოგების განაღდება და ბალანსის შედგენა უწევთ, რამაც შესაძლოა, დოლარს გარკვეულწილად, სულის მოთქმის საშუალება მისცეს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზაფხულში ვაჭრობის მოცულობა კლებულობს და ფასების მოძრაობაზე ძლიერი ზემოქმედება, შედარებით მცირე მოცულობის გარიგებებსაც შეუძლია.