ბაზარზე რისკებისადმი ლტოლვა განელდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბაზარზე რისკებისადმი ლტოლვა განელდა

თითქმის ორი კვირის განმავლობაში, ბაზრებზე რისკიანი აქტივების გამოცოცხლება შეინიშნებოდა. მაგრამ როგორც კი კორონავირუსის მეორე ტალღის საშიშროება გაიზარდა, ინვესტორებმა სიფრთხილეს უმატეს. შესაბამისად, დოლარმა დათმობილი პოზიციები ნაწილობრივ აღიდგინა.

ჩინეთმა რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები აღადგინა, შეერთებულ შტატებში კი მარტო შაბათს, 25 ათასი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ პანდემია ძალას იკრებს, რასაც ეკონომიკის კიდევ უფრო გამოფიტვა შეუძლია.

ამ გარემოების გამო, კვირის პირველ საათებში დოლარის ინდექსმა 0.4 პროცენტით მოიმატა. თუმცა შემდეგ მონაპოვრის ნაწილი დათმო. როგორც „სოსიეტე ჟენერალეს“ ფორექსის სტრატეგი კენეთ ბრუ ამბობს, ეს იყო კორონავირუსთან დაკავშირებულ ამბებზე ბაზრის რეაქცია და რომ ანალიტიკოსთა შეფასებით, დოლარმა პიკს მარტში მიღწია, რასაც ტრეიდერთა მხრიდან მოგების განაღდების პროცესი მოჰყვა.

„კომერცბანკის“ ფორექსის და სასაქონლო ბაზრის კვლევის განყოფილების შეფი ულრიხ ლოიხტმანი კი ამბობს, რომ ინფექციების შემთხვევათა ზრდის შესახებ ამბები ადრეც ვრცელდებოდა, რასაც სხვა ურისკო აქტივების ზრდა არ მოჰყოლია. ამიტომ ის თვლის, რომ დოლარის ახლანდელი ზრდა, მისსავე დასუსტებას მოჰყვა.

„მიცუბიში UFG-ს“ ანალიტიკოსი ლი ჰარდმანი ამბობს, რომ ჩინეთის ეკონომიკის აღდგენა, მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივაზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ სიტუაცია კვლავ მყიფეა, რასაც ბოლო დროს ახალი ინფიცირების შემთხვევათა ზრდა მოწმობს. ეს კი ეკონომიკის სწრაფად აღდგენასთან დაკავშირებით, რეალურ რისკებს აჩენს.

ევროპის ქვეყნებმა სასაზღვრო შეზღუდვების გამარტივება დაიწყეს, რაც ტურისტული სეზონის გადარჩენის შანსს აჩენს. მაგრამ არსებობს იმის საშიშროება, რომ ამან პანდემიის ახალი ტალღა გამოიწვიოს.