ბაზარზე ოპტიმიზმის ზრდა დოლარს ასუსტებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბაზარზე ოპტიმიზმის ზრდა დოლარს ასუსტებს

ამერიკული დოლარი, როგორც რისკებისგან თავშესაფარი აქტივი, ახალ კვირას დასუსტებით იწყებს, რასაც პირველ რიგში, კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან და აშშ-ის 1.9 ტრილიონ დოლარიანი სტიმულირების პაკეტთან დაკავშირებული ოპტიმიზმი განაპირობებს. ოპტიმიზმის ზრდის კვალად, ინვესტორები სულ უფრო მეტად ეტანებიან რისკიან აქტივებს და ვალუტებს.

დოლართან წყვილში ერთ-ერთი ყველაზე მოგებული ვალუტა, ბრიტანული სტერლინგია, რომელიც 1.39-დოლარიან ზღვარს, ბოლო სამ წელიწადში პირველად ასცდა. მყარდება ეგრეთ წოდებული სასაქონლო ვალუტები, მათ შორის, სამხრეთ აფრიკული რანდი, რომელმაც ერთწლიან მაქსიმუმს მიაღწია.

რისკის აპეტიტის გაუმჯობესება ასევე აისახება საფონდო ბაზარზე. გაიზარდა ევროპული ინდექსები, იაპონიის აქციებმა კი 30-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. მთვარის ახალი წლის გამო, აზიაში ბევრი ბაზარი დაკეტილია, ამერიკის საფონდო ბაზრები კი პრეზიდენტის დღისთვის გაჩერდება.

„მიცუბიში UFG-ს“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბაზარზე ოპტიმიზმის ზრდასთან ერთად, დოლარი დასუსტებას გააგრძელებს. მათი მოსაზრებით, ცენტრალური ბანკები ეკონომიკას გადახურების საშუალებას არ მისცემენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გლობალურმა ეკონომიკამ წლის ბოლომდე მდგრადი განვითარება-აღდგენა გააგრძელოს.

რისკიან აქტივებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გამყარებას აგრძელებს ბიტკოინი, რომელიც წინა კვირის განმავლობაში, დაახლოებით 25 პროცენტით გაძვირდა. ციფრულ ვალუტებზე მოთხოვნის ზრდას, ამ ვალუტებით დიდი კომპანიების (ტესლა, BNY მელონი) დაინტერესება განაპირობებს.

მყარდება ჩინური იუანი, რომელმაც დოლართან წყვილში 6.4010-ს (ერთი დოლარის ფასი) მიაღწია, რაც 2018 წლის ივნისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.