ბაზარი ფედრეზერვის მოქმედების მოლოდინშია

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბაზარი ფედრეზერვის მოქმედების მოლოდინშია

დოლარმა ახალი კვირა დასუსტებით დაიწყო. ამის მიზეზი ისევ ისაა, რომ ბაზარი ოპტიმიზმით ელის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დაწყებას. გარდა ამისა, ინვესტორები ფიქრობენ, რომ ფედერალური რეზერვი ეკონომიკის მხარდასაჭერად, მორიგ ნაბიჯს დეკემბრის სხდომაზე გადადგამს.

დოლარის ინდექსი 91.55 დონემდე დაეშვა, რაც 2018 წლის აპრილის შემდეგ, უდაბლესი მაჩვენებელია. თუმცა შემდეგ ინდექსმა დათმობილი პოზიციის მცირე ნაწილი აღიდგინა. ევრო-დოლარის წყვილი მნიშვნელოვან ზღვარს - 1.20-ს უახლოვდება, რომელთანაც ახლოსაა მიმდინარე წლის მაქსიმუმი - 1.2014. ამერიკული ვალუტა პოზიციებს იენთან და შვეიცარიულ ფრანკთანაც თმობს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამერიკული დოლარი დაღმავალ ტრენდს გააგრძელებს, რადგან ფედრეზერვის მიერ სტიმულირების ახალი პროგრამის განხორციელების ალბათობა იზრდბა“, - ნათქვამია ING-ს ანალიტიკოსების შეფასებაში.

ამჟამად ტესტირების ბოლო ფაზაშია კორონავირუსის სამი ისეთი ვაქცინა, რომლებსაც პირველ ტესტებზე, კარგი შედეგები ჰქონდა. ეს ინფორმაცია ინვესტორებს ოპტიმისტურად განაწყობს და ისინი უფრო თამამად ვაჭრობენ რისკიანი აქტივებით. შესაბამისად, რისკებისგან თავშესაფარ ისეთ აქტივზე, როგორიც დოლარია, მოთხოვნა და მასთან ერთად ფასიც, კლებულობს.

ამ ეტაპზე, აშშ-ის კანონმდებლები ვერ ახერხებენ ეკონომიკის მხარდასაჭერი ახალი ფინანსური პროგრამის დამტკიცებას. ამიტომ ინვესტორების ყურადღება ფედრეზერვისკენ არის გადატანილი, რათა მან მაინც შეძლოს სტიმულირებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ეს შეიძლება იყოს ბონდების შესყიდვის პროგრამის მოცულობის გაზრდა, ან ახალი პროგრამის ამოქმედება.

მაგრამ სანამ ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს, მისი შეფი ჯერომ პაუელი კონგრესის წინაშე წარდგება (სამშაბათს და ოთხშაბათს). ინვესტორები კონგრესში მის სიტყვებს და ფრაზებს გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან. გარდა ამისა, პარასკევს შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოქვეყნდება.