ბაიდენის გამარჯვება დოლარის გამყარებას გამოიწვევს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბაიდენის გამარჯვება დოლარის გამყარებას გამოიწვევს

„ბენკ ოფ ამერიკა“ (BofA) ვარაუდობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, დოლარის კურსი თავიდან შეიძლება შემცირდეს, მაგრამ მალევე გამყარებას დაიწყებს და მისი ინდექსი, ისტორიული მაქსიმუმისკენ გაემართება.

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდის კვალობაზე, დოლარის ინდექსმა ზედიზედ მეხუთე კვირა დაასრულა კლებით. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ინვესტორები ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების იმედს თანდათან კარგავენ.

„ბენკ ოფ ამერიკას“ ასეთი ვარაუდის საფუძველს აძლევს ყოფილ ვიცე პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წამოყენებული პროგრამა, რომელიც ეკონომიკის მხარდასაჭერად და პანდემიასთან ბრძოლის გასაძლიერებლად არის შემუშავებული. ეს კი ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს.

იმავდროულად, ამერიკული საფინანსო გიგანტი თვლის, რომ დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევა, დოლარის კურსზე უარყოფითად იმოქმედებს.

იმ დროს, როდესაც ბაიდენის პროგრამით გათვალისწინებული საგადასახადო პროგრამა და რეგულაციები, ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს, BofA-ს ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მას კორონავირუსთან ბრძოლის უფრო ეფექტური გეგმა აქვს. გარდა ამისა, ბაიდენისგან საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული პრობლემების მოგვარებასაც ელიან.

იმის ფონზე, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სულ უფრო მატულობს და არც სიტუაციის სწრაფად გაუმჯობესების იმედი ჩანს, უმუშევართა რიცხვმა კვლავ ზრდა დაიწყო. და ეს მარტის შემდეგ პირველად მოხდა.

ამ კვირაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური მონაცემები გამოქვეყნდბა, რომლებსაც დოლარზე ძლიერი ზემოქმედება შეუძლია. მათ შორისაა მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტი, რომლის 32 პროცენტით კლებაა მოსალოდნელი. გარდა ამისა, ინვესტორები ყურადღებას შრომის ბაზრის და მომხმარებელთა თავდაჯერების სტატისტიკასაც მიაქცევენ.

ყველაფერთან ერთად, დლარის კურსის დასუსტებას, ევროს გამყარებაც იწვევს, რომელთან წყვილიც, დოლარის ინდექსის ნახევარზე მეტს განსაზღვრავს.