აშშ-ში წინა კვირაში უმუშევართა რიცხვი 2.43 მილიონით გაიზარდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
აშშ-ში წინა კვირაში უმუშევართა რიცხვი 2.43 მილიონით გაიზარდა

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ კვირაში ქვეყანაში უმუშევრობაზე პირველადი განაცხადი 2.43 მილიონმა ადამიანმა შეავსო. მარტის შემდეგ, ეს უმუშევართა რიცხვის ყველაზე ნაკლები ზრდაა, თუმცა მთავარია, რომ უმუშევართა რიცხვი კვლავაც მატულობს.

ერთი კვირით ადრე, უმუშევრების რიცხვი 2.68 მილიონით გაიზარდა. თუმცა დაზუსტების შემდეგ, ეს მაჩვენებელიც შემცირდა. საერთო ჯამში, უმუშევრობის ზრდის ტემპი, პროგნოზულ მაჩვენებლებს შეესაბამება. ყველაზე სწრაფი ზრდა მარტის ბოლო კვირაში იყო, როცა პირველადი განაცხადები 6.86 მილიონმა ადამიანმა შეავსო.

ახალი მაჩვენებლები ამყარებს ინვესტორთა მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მაისში უმუშევრობის რიცხვი ისევ გაიზრდება. ცნობისათვის, აპრილში უმუშევრობის რიცხვი 20.5 მილიონით გაიზარდა, რაც დიდი დეპრესიის შემდეგ, ყველაზე მკვეთრი მატება იყო.

უმუშევრობაზე გაგრძელებული განაცხადები 9 მაისისთვის რეკორდულ მაჩვენებლამდე, 25.07 მილიონამდე გაიზარდა. გაგრძელებული განაცხადები ერთკვირიანი დაგვიანებით ქვეყნდება, თუმცა პირველად განაცხადებთან შედარებით, უფრო ზუსტად ასახავს შრომის ბაზარზე არსებულ სიტუაციას. გაგრძელებული განაცხადები აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად დაიწყებენ ბიზნესები სამუშაოზე ადამიანების დაბრუნებას მას შემდეგ, რაც თავადაც მუშაობას განაახლებენ.