აშშ-ში შრომის ბაზრის ზრდა კვლავ არადამაკმაყოფილებელია

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
აშშ-ში შრომის ბაზრის ზრდა კვლავ არადამაკმაყოფილებელია

შეერთებულ შტატებში სექტემბერში მოსალოდნელზე ნაკლები ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს უკვე ზედიზედ მეორე თვეა, როცა შრომის ბაზრის სტატისტიკა მოლოდინს არ ამართლებს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ უმუშევრობის კვლავ შემცირდა. შექმნილ სიტუაციაზე, ბაზარს ჯერჯერობით სუსტი რეაქცია აქვს - დოლარის ინდექსი ოდნავ შემცირდა.

როგორც ჩანს, ინვესტორები კვლავაც ფიქრობენ, თუ რა შეიძლება იყოს ფედრეზერვისთვის უფრო მნიშვნელოვანი - უმუშევრობის დონის კლება, თუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის დაბალი ტემპი.

პირველი საკმარისი პირობა შეიძლება იყოს იმისათვის, რომ ფედრეზერვმა პირობისამებრ, აქტივების შესყიდვების პროგრამის შეკვეცა ნოემბერში დაიწყოს. მეორე კი აღძრავს იმის ეჭვს, რომ ფედრეზერვმა შესაძლოა შესყიდვების მოცულობის შეკვეცის დაწყება გადადოს.

შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, სექტემბერში არასასოფლო სფეროში შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების რიცხვია 194 000. იმავდროულად, აგვისტოს შესაბამისი მაჩვენებელი დაზუსტების შემდეგ, 366 000-მდე გაიზარდა. ეკონომისტთა პროგნოზით, მოსალოდნელი იყო დაახლოებით 500 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

რაც შეეხება უმუშევრობის დონის, სექტემბრის მონაცემებით, ის 4.8 პროცენტია. აგვისტოში ანალოგიური მაჩვენებელი 5.2 პროცენტი იყო, პროგნოზით კი 5.1 პროცენტი იყო მოსალოდნელი. არაა გამორიცხული, რომ ანალიტიკოსებმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კლება, უმუშევრობის დონის შემცირებას დაუკავშირონ.

აგვისტოს 0.4 პროცენტიდან, 0.6 პროცენტამდე გაიზარდა საათობრივი ანაზღაურების მაჩვენებელი. პროგნოზით, ზრდა 0.4 პროცენტი უნდა ყოფილიყო. ერთი მხრივ, ანაზღაურების ზრდა შესაძლოა შრომის ბაზრის გაჯერების მანიშნებელი იყოს, რაზეც უმუშევრობის დონის კლებაც მიანიშნებს. მეორე მხრივ კი ანაზღაურების ზრდა, შეიძლება ინფლაციის შედეგიც იყოს.

ასეა თუ ისე, ახლა ფედრეზერვის გადასაწყვეტია, აკმაყოფილებს შრომის ბაზრის სექტემბრის სტატისტიკა, თუ არა. გარდა ამისა, ნოემბრის გადაწყვეტილებამდე, დასაქმების კიდევ ერთი ანგარიშია გამოსაქვეყნებელი (ნოემბრის პირველ პარასკევს) და ცენტრალური ბანკისთვის სწორედ ეს სტატისტიკა უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი.

არსებობს გარემოება, რაც შესაძლოა ახალი სამუშაო ადგილების ზრდას აფერხებს. პანდემიის მორიგი ტალღის მინელების კვალად, ნელი ტემპით მიმდინარეობს დროებით დათხოვნილი თანამშრომლების სამუშაოზე დაბრუნების პროცესი. დაკიდევ, მალე სასწავლო დაწესებულებები გაიხსნება, რასაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის გააქტიურება შეუძლია. შესაბამისად, ეს ფაქტორი მომდევნო თვეების სტატისტიკებზე აისახება.