აშშ-ში ახალი სამუშაოების რიცხვი და უმუშევრობის დონეც გაიზარდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
აშშ-ში ახალი სამუშაოების რიცხვი და უმუშევრობის დონეც გაიზარდა

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში იანვარში ახალი სამუშაო ადგილების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ამის ფონზე, ოდნავ მოიმატა უმუშევრობის დონემაც. ახალი სამუშაო ადგილების რიცხვის ზრდას, უჩვეულოდ თბილ ამინდებს მიაწერენ. ასევე ოდნავ მოიმატა ანაზღაურების ზრდის ტემპმაც.

ეს ყველაფერი ანლიტიკოსებს იმის იმედს აძლევს, რომ ბიზნესში ახალი ინვესტიციების კლების მიუხედავად, ეკონომიკა მოკრძალებული ტემპით გაფართოებას გააგრძელებს.

სტატისტიკის შესაბამისად, იანვარში ახალი განაცხადების რიცხვმა 225 000 შეადგინა. ჩვეულებრივზე თბილი ამინდების გამო, ყველაზე მეტად, მშენებლობებზე დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვნად არის მომატებული დასაქმება სატრანსპორტო და სასაწყობე ინდუსტრიაში.

როიტერსის მიერ ეკონომისტების გამოკითხვით მიღებული პროგნოზით, NFP-ს (არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა რიცხვი) 160 000 იყო მოსალოდნელი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მომდევნო თვეებში ამერიკაში დასაქმებულთა რიცხვის ზრდის ტემპი მოიკლებს. ამჟამად ფედრეზერვი მთავარ რისკ ფაქტორად, სწორედ ამ ვირუსს ასახელებს.

შარშან ქვეყნის ეკონომიკა 2.3 პროცენტით გაიზარდა, რაც ბოლო სამ წელიწადში ყველაზე დაბალი რიცხვია. შედარებისთვის, 2018 წელს ზრდის ტემპი 2.9 პროცენტი იყო. ამჟამინდელი პროგნოზით, წელს ეკონომიკა მხოლოდ 2.0 პროცენტით გაიზრდება. გარდა ამისა, შარშან ქვეყანაში 2.1 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.