აშშ-ში აგვისტოში ძირითადი სამომხმარებლო ფასების ზრდა შენელდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
აშშ-ში აგვისტოში ძირითადი სამომხმარებლო ფასების ზრდა შენელდა

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აგვისტოში სამომხმრებლო ფასები, ბოლო ექვს თვეში ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ინფლაციამ პიკს მიაღწია. თუმცა გარკვეული პერიოდით, ის შეიძლება მაღალ ნიშნულზე დარჩეს. ამას კი ხელს მიწოდების სფეროში არსებული პრობლემები შეუწყობს.

შრომის დეპარტამენტის სტატისტიკით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI), რომელიც სურსათზე და ენერგომატარებლებზე სწრაფად ცვალებად ფასებს მოიცავს, აგვისტოში მხოლოდ 0.1 პროცენტით გაიზარდა. ეს კი თებერვლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, CPI ივლისში 0.3 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება ძირიტად CPI-ს, წლიური გადაანგარიშებით, მისი ზრდა 4.0 პროცენტს აღწევს. ივლისში კი ზრდამ 4.3 პროცენტს მიაღწია.

საერთო CPI-ს ზრდამ 0.3 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, ივლისში ეს მაჩვენებელი 0.5 პროცენტი იყო. წლიური გადაანგარიშებით, აგვისტოში საერთო CPI 5.3 პროცენტი იყო, წინა თვისაზე 0.1 პროცენტით ნაკლები.

როიტერსის მიერ გამოკითხული ეკონომისტების ვარაუდით, ძირითადი CPI-ს ზრდა 0.3 პროცენტის დონეზე უნდა ყოფილიყო, საერთო CPI-ს ზრდას კი 0.4-პროცენტიან დონეზე ელოდნენ.

ინფლაციის ზრდის ტემპმა წლის დასაწყისში მოიმატა, რაც ძირითადად, მეორადი ავტომობილების და სატვირთოების ფასების ზრდამ და მომსახურების სფეროს გაძვირებამ გამოიწვია.

ანალიტიკოსების შეფასებით, არის იმის ნიშნები, რომ მეორადი ავტომობილების და სატვირთოების ფასების ზრდამ პიკი უკვე გაიარა. ამასთან, მოტელებსა და სასტუმროებში ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე იყო. საერთო ჯამში, ინფლაციის ტემპის შენელება თანხმობაშია ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელის მოსაზრებასთან, რომლის შესაბამისადაც, მაღალი ინფლაცია დროებითია.

იმავდროულად, მიწოდების სფეროში პრობლემები კვლავაც აქტუალურია და ეს ფასებზე ზეწოლას ახდენს. ასევე შრომის ბაზარზე, ეგრეთ წოდებული შემჭიდროება შეინიშნება, რასაც შედეგად, ხელფასების და ამის კვალად, სამომხმარებლო ხარჯის ზრდა უნდა მოჰყვეს.

გარდა ამისა, ბაზარზე ახალი და მეორადი სახლების ნაკლებობაა, რაც ასევე ფასების ზრდას იწვევს. ვაქცინაციის კვალად, კომპანიებმა დროებით დათხოვნილი თანამშრომლების ოფისში მიწვევა დაიწყეს. სანამ ისინი დათხოვნილნი იყვნენ, მათი უმრავლესობა ქალაქგარეთ ცხოვრებას ამჯობინებდა, რათა თავშეყრის არეალებს დაშორებოდნენ და ვირუსისგან თავი დაეცვათ. ქალაქში დაბრუნება, მათ ხარჯების ზრდისკენ უბიძგებს, რაც ინფლაციას გააძლიერებს.