ამერიკის ეკონომიკას სამუშაო ადგილები დააკლდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ამერიკის ეკონომიკას სამუშაო ადგილები დააკლდა

შეერთებული შტატების ეკონომიკას ბოლო რვა თვეში პირველად დააკლდა სამუშაო ადგილები. ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის შემოტევას ებრძვის, რაც საწარმოების გაჩერების და სამუშაოდან თანამშრომლების დათხოვნის მთავარი მიზეზია. ეს კი ეკონომიკის აღდგენის პროცესს, რაზეც მილირდები იხარჯება, აფერხებს.

არასასოფლო სფეროში სამუშაო ადგილები კლების შესახებ, მონაცემები შრომის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. ყველაზე მეტად, გართობის და დასვენების სფეროები დაზიანდა, რომლებიც პანდემიის მიმართ ყველაზე მგრძნობიარეებია. ორივემ ჯამში დაახლოებით ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა. ეს შედეგები ნაწილობრივ, საცალო ვაჭრობაში, წარმოებასა და მშენებლობაში სამუშაო ადგილების მატებამ გააბათილა. ამან კი ეკონომიკა რეცესიას გადაარჩინა.

ეკონომიკას გარკვეულ დახმარებას გაუწევს მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი პაკეტი, რომლის მოცულობაც 900 მილიარდი დოლარია. უფრო მეტი დახმარება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, რის იმედსაც, აშშ-ის კონგრესში დემოკრატების გამარჯვება იძლევა. ასევე იმედისმომცემია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო, რამაც ეკონმიკის გამოცოცხლება უნდა გამოიწვიოს.

ყველაფრის მიუხედავად, ეკონომისტები თვლიან, რომ ეს ჩავარდნა მხოლოდ პაუზაა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში. მთავარი იმედი, რა თქმა უნდა, ვაქცინაციას უკავშირდება.

შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, არასასოფლო სფეროში, დეკემბერში სამუშაო ადგილების რიცხვი 140 000 ადგილით შემცირდა. ეს აპრილის შემდეგ პირველი კლებაა. შედარებისთვის, ნოემბერში ზრდა 336 000 ახალი სამუშაო ადგილი იყო. საერთო ჯამში, ეკონომიკამ პანდემიის გამო დაკარგული 22.2 მილიონი სამუშაო ადგილიდან, 12.4 მილიონი აღიდგინა.

დასვენების და გართობის სფეროში, დეკემბერში ჯამში 498 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. მარტო ბარებსა და რესტორნებში, სამუშაო ადგილების რიცხვი 372 000-ით არის შემცირებული. დასვენების და გართობის სფეროს გამოკლებით, სამუშაო ადგილები დაახლოებით ისეთივე მოცულობით გაიზრდებოდა, როგორც ნოემბერში.

კლება დაფიქსირდა კერძო განათლების სფეროში, რადგან ბევრი უნივერსიტეტი და კოლეჯი, მადლიერების დღის შემდეგ დაიხურა. მთავრობაში დასაქმება ზედიზედ მეოთხე თვეა მცირდება. კლება ძირითადად ფედერალური და ადგილობრივი მთავრობები ს ხარჯზე მოხდა.

საცალო სფეროში 121 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, საწარმოებში 38 000 და მშენებლობაში - 51 000. შედარებით მცირე ზრდა დაფიქსირდა ბიზნესის მომსახურების, ტრანსპორტის, სასაწყობე, ჯანმრთელობის დაცვის და საბითუმო ვაჭრეობის სექტორებში.

კარგი შედეგებია საათობრივი ანაზღაურების და ქვეყანაში უმუშევრობის დონის მხრივ. საათობრივი ანაზღაურება საშუალოდ 0.8 პროცენტით გაიზარდა. ნოემბერში ეს მაჩვენებელი 0.3 პროცენტი იყო. უმუშევრობის დონე კი 6.7 პროცენტზე დარჩა. ეს იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ბევრი ადამიანი საკუთარ თავს მოიხსენიებს, როგოც „დასაქმებულს, მაგრამ სამუშაოზე არმყოფს“. ამ განსაზღვრების გარეშე, უმუშევრობის დონე 7.3 პროცენტზე იქნებოდა.