ევრომ წინააღმდეგობა ვერ გადალახა და შემობრუნდა

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

როგორც მოსალოდნელი იყო, ევრო-დოლარის წყვილის ფასმა ვერ შეძლო წინააღმდეგობათა დაჯგუფების გადალახვა და 1.15-ის ზევით მცირე ხნით ასვლის შემდეგ, ისევ ქვევით დაიწყო მოძრაობა. მთავარი მამოძრავებელი ძალა, ამერიკული დოლარის გამყარებაა. ამას ემატება ის, რომ ევროს ფუნდამენტალური ფონი არ უწყობს ხელს.

ვარდნა უკვე სამი დღეა გრძელდება. EURUSD წყვილს უკვე 150 პუნქტზე მეტი დააკლდა და კლებას აგრძელებს. ამჟამად ფასმა 1.1363-ს მიაღწია და როგორც ჩანს, მალე 1.1350-თან ვიხილავთ. სწორედ აქ დახვდება პირველი სერიოზული მხარდაჭერის დონე, რომელზეც აღმავალი არხის ქვედა ხაზი გადის.

წყვილმა ეს ხაზი იანვრის ბოლოს უკვე გაარღვია, მაგრამ მის ქვემოთ დიდხანს არ დარჩენილა და არხის საზღვრებს დაუბრუნდა. თუმცა ზედა ხაზამდ შუა გზაზე ისევ შემობრუნდა.

ბაზარი დიდი ხანია, ძლიერი მოძრაობის მოლოდინშია და არაა გამორიცხული, რომ ამ მოძრაობას, სწორედ არხის ქვედა ხაზის გარღვევის შემდეგ ვიხილავთ. ამას ფუნდამენტური ფონის გარდა ისიც შეუწყობს ხელს, რომ აღნიშნული არხი, რეალურად დათვური დროშის ფორმაციაა, რომელსაც ადრე თუ გვიან, დაღმასვლის გაგრძელება უნდა მოჰყვეს. ხაზის წინა გარღვევით, ეს მოძრაობა არ დაწყებულა. თუმცა ეს შესაძლოა ახლა მოხდეს. ძლიერი მხარდაჭერა ამჯერადაც 1.13-ის მიდამოებში არსებული ჰორიზონტალური ველი იქნება, რომლის ქვედა მიჯნაც (1.1288), 24 იანვრის მინიმუმს ემთხვევა.

ამის შემდეგ გასავლელი იქნება 12 ნოემბრის მინიმუმი (1.1216) და რა თქმა უნდა 1.12. ეგრეთ წოდებულ თავისუფალ ვარდნამდე კი წყვილმა აუცილებლად უნდა გაიაროს კიდევ ერთი მხარდაჭერის დონე, რომელიც 1.11-ის მიდამოებში მდებარეობს და რომელიც ფაქტობრივად, ფორმაცია „ჰედ ენდ შულდერსის“ (1-კვირიან გრაფიკზე კარგად ჩანს) მარჯვენა მხრის ქვედა ზღვარს წარმოადგებს.