USDJPY წყვილზე შესაძლოა ახალი ხანგრძლივი ტრენდი იწყება

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

3 იანვრის ფლეშ ქრეშით შესაძლოა დასრულდა USDJPY წყვილზე სამწლიანი სამკუთხედის ფორმირება, რა შემთხვევაშიც, სტარტს აიღებს ახალი, აღმავალი ტრენდი.

უნდა აღინიშნოს, რომ ფლეშ ქრეშისას ფასმა 104.717-მდე დაიწია და ვერ შეძლო შარშანდელი მარტის მინიმუმის (104.70) განახლება, რის შემდეგაც მკვეთრ ზრდაზე გადავიდა. ეს კი, დიდი ალბათობით, შესაძლოა ახალი, მძლავრი ტრენდის დასაწყისი გახდეს.

ფლეშ ქრეშისას ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: ფასმა გაარღვია სამკუთხედის (რომელიც შესაძლოა წარმოადგენს B ტალღას) ქვედა ტრენდული ხაზი. ეს ხაზი B ტალღის ორი, A და C ქვეტალღების შემაერთებელია. ელიოტის ტალღების თეორიით, ხშირია შემთხვევა, როცა სამკუთხედის ფორმირება, მისი იმ გვერდის ხანმოკლე გარღვევით სრულდება, რომელიც სწორედ A და C ქვეტალღებს შორისაა გავლებული. ამას კი, ფასის საპირისპირო მიმართულებით ტრენდული მოძრაობა მოსდევს.

სახეზეა დდ ზიგზაგი, რომელიც 2011 წელს დაიწყო და რომლის A ტალღაც 2015 წლის მაისში, 125.90-თან დასრულდა. სწორედ ამის შემდგ იწყება B ტალღა, რომელმაც საბოლოოდ სამკუთხედის ფორმა მიიღო. ახლა ჯერი C ტალღაზეა, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ 1 დოლარის ფასი 150.00 იენამდეც კი აიყვანოს.

ოღონდ, მანამდე უნდა გადალახოს სამი მნიშვნელოვანი ზღვარი: 125.00, რომელიც არის ფსიქოლოგიური ბარიერი და 2015 წლის პიკი, შემდეგ 125.90,  რომელიც არის A ტალღის პიკი. ამას მოჰყვება 135.00, რომელთანაც ახლოსაა 2002 წლის პიკი. და ბოლოს 150.00, რომელიც არის ძლიერი ფსიქოლოგიური ბარიერი. გარდა ამისა, დაახლოებით ამ ზღვარს უნდა მიაღწიოს C ტალღამ, რათა მისი სიგრძე A-ს გაუტოლდეს. ამ შემთხვევაში, (ზიგზაგის) თანაბარი ტალღების წესი შესრულდება და ტრენდიც დასრულებულ სახეს მიიღებს.