თავი-და-მხრები EURUSD-ს დაბლა ექაჩება

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

გასულ უქმეებზე საუდის არაბეთის ნავთობის საწარმოებზე თავდასხმამ, ნავთობის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია, რამაც უარყოფითად იმოქმედა ევროზე - ევროპული იმპორტის დიდ ნაწილს ნვთობი და გაზი შეადგენს. გარდა ამისა, გეოპოლიტიკური დესტაბილიზაცია, როგორც წესი, რისკიან აქტივებს ურტყამს, როგორიცაა ევრო. იმავდროულად, იზრდება მოთხოვნა რისკებისგან თავშესაფარ იენზე, ფრანკსა და დოლარზე.

არადა, შეერთებული შტატების ფედრეზერვის განაკვეთის გადაწყვეტილების წინ, ბაზარზე შედარებითი სიმშვიდე იყო მოსალოდნელი. ასეა თუ ისე, ევრო-დოლარის წყვილმა 1.10 დონე დაღმა გაარღვია და მის სიახლოვეს დრეიფობს. რაც მთავარია, სახეზეა „თავი-და-მხრების“ გამოსახულება, რომელიც წყვილის ფასის 1.0950-ის ფარგლებში დაშვებას არ გამორიცხავს.

ვარდნას აფერხებს იმის გარემოება, რომ ინვესტორები ფედრეზერვისგან განაკვეთის კიდევ ერთხელ შეკვეცის მოლოდინში არიან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ შეერთებული შტატები საუდეთის ინციდენტთან დაკავშირებით, ირანთან ხისტ პოზიციას დაიკავებს, ევროს ვარდნა გაგრძელდება. მაგრამ ევროს მეტისმეტ ვარდნას, ქერი ტრეიდერების გააქტიურების გამოწვევა შეუძლია, რაც ევროზე მოთხოვნას გაზრდის და მის ვარდნას წინააღმდეგობას გაუწევს.