EURUSD ძლიერ ტრენდულ ხაზს მიადგა

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

გასული კვირის ევრო-დოლარის წყვილმა მნიშვნელოვანი ზღვრის, 1.1000 დოლარის გადაკვეთით და მის ქვემოთ დარჩენით დაასრულა. ფასის ვარდნამ ბევრი სტოპ ორდერი აამოქმედა, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო ძლიერი ის ფაქტორი აღმოჩნდა, რომ ეს იყო კვირის და თვის დასასსრული, რა დროსაც ტრეიდერები მოგების მიღება-დათვლას ამჯობინებენ.

შესაბამისად, მოძრაობა შეყოვნდა. მითუმეტეს, ფასი ძალიან ახლოს იმყოფება კიდევ უფრო ძლიერ ტრენდულ ხაზთან (1.0953), რომლის გადაკვეთაც, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მთელი წლის განმავლობაში ვერ ხერხდება.

ანალიტიკოსები ასევე ასახელებენ მნიშვნელოვან ფაქტორს - ამ დღეებში მილიარდობით ევროს ღირებულების პოზიციებს გასდის ვადა და დიდი ალბათობით, მათი უმეტესობა დაიხურება (2.2 მილიარდი ევროსი დღეს, 2.0 მილიარდისა ხვალ და 934 მილიონისა ზეგ). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დღეებში ბაზარზე აქტივობის კლებაა მოსალოდნელი.

მნიშვნელოვან მოვლენათგან, რომლებსაც ბაზარზე გააქტიურების გამოწვევა შეუძლია, ერთი პარასკევს მოგველის, აშშ-ის შრომის ბაზრის სტატისტიკის სახით, მეორე კი - 12 სექტემბერს, როცა ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს. გარდა ამისა, 6 სექტემბერს გამოსვლა აქვს ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელს, რომლისგანაც როგორც ყოველთვის, ინვესტორები და ანალიტიკოსები, ცენტრალური ბანკის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, გარკვეულ მინიშნებებს ელიან.