EURUSD ტრენდული ხაზის გზაგასაყართან

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

რამდენიმე დღეა, ევრო დოლართან წყვილში მყარდება. წყვილის ფასმა პარასკევიდან მოყოლებული, 150 პუნქტზე მეტი გაიარა და დღიურ გრაფიკზე, ზუსტად 200-დღიან მოძრავ საშუალოსთან გაჩერდა. ფასმა ამის შემდეგ ოდნავ უკან დაიხია. ამჟამად ფასი იმ დაღმავალ ტრენდულ ხაზზე ოდნავ მაღლა იმყოფება (კვირიანი გრაფიკი), რომელიც სექტემბერში დაიწყო და რომლიდანაც წყვილმა უკვე სამჯერ (ორჯერ იანვარში და ერთხელ - მარტში) დაიხია უკან.

თუ ტრენდული ხაზი კვლავაც დაბლა დარჩა და ფასმა 200-დღიანი საშუალოც გადალახა, ეს მყიდველთა სიძლიერის აშკარა ნიშანი იქნება. ტრენდის დაბლა დაბრუნების შემთხვევაში, წყვილის ფასი ვარდნას გააგრძელებს.

ამ ეტაპზე, წყვილის ფასის მოძრაობის მიმართულებას, დოლარის სისუსტე განაპირობებს. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ ანალიტიკოსები ფედრეზერვის შემდგომ ნაბიჯად, განაკვეთის შეკვეცას მოელიან. თავის მხრივ, პრობლემები აქვს ევროსაც, რაც ინფლაციის დაბალ დონეს უკავშირდება.

ამ სიტუაციაში, ალბათ ის დროა, რომ გავიხსენოთ გამოთქმა, „იყიდე ჭორზე, გაყიდე ახალ ამბებზე“. დოლარისთვის უარყოფითი ფაქტორი (განაკვეთის შეკვეცის მოლოდინი) უკვე აისახა ფასებში და ნებისმიერი დადებითი სტატისტიკა (პარასკევს შრომის ბაზრის მონაცემები გამოქვეყნდება), მას პოზიციებს დააბრუნებინებს. უარყოფითი სტატისტიკის შემთხვევაში კი განაკვეთის შეკვეცის მოლოდინი კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დოლარის დასუსტების ახალ ტალღას გამოიწვევს...