EURUSD რამდენიმე ძლიერ წინააღმდეგობას მიუახლოვდა

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბაზარს ევრო-დოლარის წყვილზე ძლიერი რყევები ენატრება. წყვილის ფასი ნოემბრიდან აღმავალ არხში მიედინება, რომლის ქვედა ხაზიც რამდენიმე დღის წინათ კი გაარღვია, მაგრამ მალევე ისევ შიგნით დაბრუნდა და ზედა ხაზისკენ გაემართა. ამჟამად სწორედ ამ არხის შუაში იმყოფება და სანამ ზედა ხაზს მიაღწევს, რამდენიმე ძლიერი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს.

მათ შორისაა ორი დაღმავალი ტრენდული ხაზი, რომელთაგან ერთი აპრილში დაიწყო, მეორე კი - სექტემბერში. შემდეგ ფასს 200-დღიანი მოძრავი საშუალო (1-დღიან გრაფიკზე) ელის. დაბოლოს, ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც იანვრის (და ამ წლის - 1.1568) პიკზეა გავლებული. სწორედ ამ ოთხი წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ შეხვდება წყვილის ფასი არხის ზედა ხაზს.

აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება - არხი მთლიანობაში, დათვურ დროშას წარმოადგენს, რაც იმას უნდა მოასწავებდეს, რომ მოხდება შემობრუნება და ძლიერი დაღმასვლა. თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ევრომ ძლიერი ბიძგი მიიღოს და არხის ზედა ხაზი გადალახოს, რომლის ზევით დამკვიდრების შემთხვევაშიც, გაცილებით მაღლა ასვლის პერსპექტივა გაუჩნდება.

თუ ფასი ახლავე დაბლა დაეშვება, მაშინ მხოლოდ ორი მხარდაჭერის გადალახვა მოუწევს. პირველია არხის ქვედა ხაზი, მეორე კი 1.1289, რომელზეც არხის ამასწინდელი გარღვევისას გაჩერდა.