EURUSD-მა წლის მინიმუმი განაახლა

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

EURUSD წყვილის ფასი სულ უფრო უახლოვდება უფსკრულს - დონეს, რომლის შემდეგაც მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. ეს არის ფორმაცია „თავი და მხრების“ (ჰედ ენდ შულდერს) მხრების ქვედა ზღვარი, რომელსაც წყვილის ფასს 1.11-ზე ოდნავ მაღლა ელოდება. თუმცა სანამ მას მიაღწევს, წყვილს მხარდაჭერის ორი დონის გადალახვა მოუწევს.

პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ EURUSD-მა წლის მინიმუმი (1.1256) განაახლა. შემდეგი ძლიერი მხარდაჭერის დონეა 1.1215 (დღიური გრაფიკი), რომელიც 2017 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე დაბალი ზღვარია. მასზევე გადის მხრების დამაკავშირებელი ქვედა ზღვარი. ამავე მხარდაჭერის ჰორიზონტალურ ხაზს ემთხვევა დამრეცი ხაზი (კვირეული გრაფიკი), რომელმაც 2015 და 2016 წლებში, ძლიერი წინააღმდეგობის როლი შეასრულა და მისგან არეკვლის შემდეგ, მკვეთრი ვარდნა დაიწყო, შარშან აგვისტოში კი უკვე მხარდაჭერის დონის როლში მოგვევლინა, საიდან არეკვლასაც ფასის დაახლოებით 600 პუნქტით ზრდა მოჰყვა.

ეს სცენარი კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც წყვილის დღიური სანთელი 1.13-ზე დაბლა დაიხურა (მეორე დღიურ მსხვილსანთლიან გრაფიკზე ისრითაა ნაჩვენები). დღეს ფასი ამ ზღვართან „ურთიერთობას არკვევს“ და თუ კვლავ მის დაბლა დარჩა, დიდი ალბათობით, ვარდნას განაახლებს.