EURUSD „დათვური დროშის“ ფარგლებში დაბრუნდა

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც EURUSD-ის ფასმა აღმავალი ტრენდული არხის ქვედა ხაზი გადალახა. მაგრამ გარღვევის დადასტურება არ მოხდა. წყვილი მალე უკანვე შებრუნდა და ახლა უკვე არხის ზედა ზღვრისკენ მიემართება. მაგრამ სანამ მას მიაღწევს, გზაზე რამდენიმე წინააღმდეგობა ელის.

დღიურ გრაფიკზე პირველი ასეთი წინააღმდეგობა არის 100-იანი მოძრავი საშუალო, რომელთანაც ფასმა უკვე „შეისვენა“. მისი გარღვევის შემთხვევაში კი ორი ტრენდული ხაზის ჯერია.

მათგან პირველს სათავე 17 აპრილს აქვს, მისი მეორე წვერი კი 10 იანვრით თარიღდება. წყვილს ეს ტრენდული ხაზი ჯერ რეალურად არც კი გაუტესტავს. მეორე 24 სექტემბერს წარმოიქმნა და მისი მეორე წვერიც 10 იანვარს ემთხვევა. თუ 100-დღიან MA-ს გაივლის, წყვილს ორივე ტრენდულ ხაზთან შეხვედრა 1.15-ზე ოდნავ მაღლა ელის. უფრო ზევით კი 200-დღიანი მოძრავი საშუალოა, რომელიც ფასს არხის ზედა ხაზამდე უნდა შეხვდეს.

ამ დღიური გრაფიკის მიხედვით, აღმავალ არხს აშკარად დათვური დროშის ფორმა აქვს და კორექციულია. ასეთ ფორმაციას იმავე მიმართულებით გარღვევა არ უნდა მოჰყვეს. ეს კი ნიშნავს, რომ ზეწოლა კვლავ არხის ზვედა ზღვარზე უნდა იყოს.

ასეთ ვარაუდს ფუნდამენტური ფონიც უწყობს ხელს - ევრო ზონის ეკონომიკა პრობლემები არ გამოელია და ინფლაციის ზრდის ტემპიც ვერ აკმაყოფილებს ევროპის ცენტრალური ბანკის მოთხოვნებს. მაგრამ ბაზარი მკვეთრ მოძრაობას ჯერაც ერიდება. ამას ხელს რიგ ფაქტორებთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტსა და კონგრესს შორის, მექსიკის საზღვართან დაკავშირებით არსებული შეუთანხმებლობაც უწყობს, რის გამოც, პრეზიდენტმა ტრამპმა საგანგებო სიტუაციის შემორებაც კი არ გამორიცხა.

მეორე მხრივ, ბაზარმა უკვე ფასებში გაითვალისწინა ფაქტი, რომ ფედრეზერვი განაკვეთის ზრდის ტემპს ამცირებს. მაგრამ ამ მხრივ, ნებისმიერ პოზიტიურ სვლას, როგორიც შეიძლება გახდეს შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკა, დოლარისთვის კარგი ბიძგის მიცემა შეუძლია. თუმცა პირიქითაც შეიძლება მოხდეს...