DXY სოლის ფორმირებას აგრძელებს
20-Sep-2022 10:45:12
ეს კვირა ცენტრალური ბანკების კვირაა, რადგან FOMC (ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტი) გადაწყვეტილების შემდეგ, მონტარულ პოლიტიკაზე იაპონიის (BoJ) და ინგლისის (BoE) ბანკებიც იმსჯელებენ. ამის გამო, ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ და შესაბამისად, ბაზარზე რყევებიც შემცირებულია.
ამ სიტუაციაში, ამერიკული დოლარის ინდქსი აგრძელებს აღმავალი სოლის ფორმირებას, რომელიც სულ უფრო ვიწროვდება და კულმინაციაც ახლოვდება. სოლთან ერთად, ინდექსი უახლოეს მაქსიმუმს (110.78) უახლოვდება და ალბათ მას განაახლებს კიდეც. საინტერესოა, ეს ფედრეზერვის გადაწყვეტილებამდე მოხდება, თუ მერე.
მოსალოდნელია აღმავალი ტრენდის გაგრძელება, ოღონდ სანამ ეს მოხდება, ინდექსი ალბათ ჯერ კორექციას გაივლის და შემდეგ განაახლებს ზრდას. ამ შემთხვევისთვის, ყურადღება უნდა მივაქციოთ უახლოეს მინიმუმს (109.27), რომლის მცირედით გარღვევაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ინდექსი ზრდას განაახლებს და სულ ცოტა, სოლის ზედა ზღვარისკენ წავა. სავარაუდოდ, მასთან შეხვედრით, მრავალწლიანი მაქსიმუმიც განახლდება.
109.27-ზე დაბლა, ინდექსს ჯერ 107.68-ის გადალახვა მოუწევს, შემდეგ თებერვალში დაწყებულ ტრენდულ ხაზთან შეხვედრა ელის, მისი გადალახვის შემთხვევაში კი აგვისტოს მინიმუმს „მოინახულებს“.
ფედრეზერვი რომ განაკვეთს ისევ ასწევს, ამაზე ორჭოფობაც არ ღირს. რამდენად მკვეთრი იქნება ზრდა, ესაა მთავარი. ბაზარი 0.75 პროცენტს ელის, „რადიკალები“ კი 1.0-პროცენტიან ზრდასაც არ გამორიცხავენ. მეორე შემთხვევაში, ბაზარზე მკვეთრი მოძრაობაა მოსალოდნელი.