საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 22-26 ოქტომბერს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 22-26 ოქტომბერს

ამ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, მთავარი მოვლენები იქნება: ევროპის ცენტრალური ბანკის და კანადის ბანკის გადაწყვეტილებები მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე შეერთებული შტატების ეკონომიკის მესამე კვარტლის მონაცემები, რომლებიც დიდი ალბათობით, მეორისაზე (რომელიც საუკეთესოა ბოლო ოთხ წელიწადში) უარესი იქნება.

გარდა ამისა, ინვესტორთა ყურადღების ცენტრში მოექცევა აშშ-ის უძრავი ქონების ბაზრის სტატისტიკა - დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა, კრედიტს აძვირებს, რის გამოც, უძრავი ქონების მყიდველს შენაძენი ძვირად უჯდება. ამის გამო შესაძლოა, ახალი და მშენებარე ბინების შესყიდვები შემცირდეს. პარასკევს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ არსებული ბინების შესყიდვები სექტემბერში შემცირებულია. ამასთან, შემცირების პროცესი ზედიზედ ექვსი თვეა, გრძელდება. ეს კი ბოლო ორ წელიწადში ყველაზე ხანგრძლივი კლებაა.

ევროპის ცენტრალური ბანკისგან (ECB) ევროზე განაკვეთის აწევას არავინ ელის. მაგრამ ინვესტორებისთვის საინტერესო, ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის პრეს კონფერენცია იქნება. ანალიტიკოსები მის გამოსვლაში, მონეტარული პოლიტიკის შესახებ მინიშნებებს დააკვირდებიან.

რაც შეეხება კანადის ბანკს, მისგან ყველა საპროცენტო განაკვეთის მეოთხედი პროცენტით გაზრდას მოელის. ამის საბაბს ბევრი ფაქტორი იძლევა, მათ შორის, ნავთობზე სტაბილურად მაღალი ფასი, რომელიც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

გასული კვირის ბოლოს, დოლარმა ოდნავ დათმო პოზიციები, თუმცა მისი ინდექსი მაინც ბოლო შვიდი კვირის მაქსიმალური მაჩვენებლის სიახლოვეს იმყოფება. წინა კვირის ბოლოს, დოლართან წყვილში პოზიციები გაიმყარეს ევრომ და სტერლინგმა. ორივეზე დადებითად იმოქმედა ბლუმბერგის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი, ევროკავშირთან ბრექსიტის თემაზე მოლაპარაკებისას, ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით, დათმობისთვის მზადაა.

 

ამ კვირის გამორჩეული მოვლენები

ორშაბათი

კანადაში საცალო გაყიდვების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

 

სამშაბათი

ტორონტოში (კანადა) სიტყვით გამოვა ინგლისის ბანკის მმართველი მარკ კარნი;

 

ოთხშაბათი

ევრო ზონაში კერძო სექტორში აქტივობის სტატისტიკა გამოქვეყნდება;

კანადის ბანკი საპოცენტო განაკვეთთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გვამცნობს. შეფასდება ეკონომიკის მდგომარეობა და ფაქტორები, რომლებიც მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაზე მოქმედებს;

აშშ-ში ახალი ბინების გაყიდვების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

 

ხუთშაბათი

ახალი ზელანდია ვაჭრობის სტატისტიკას გამოაქვეყნებს;

ინსტიტუტი IFO გერმანიაში ბიზნეს კლიმატის სტატისტიკას გამოაქვეყნებს;

ECB მონტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს, რასაც ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის პრეს კონფერენცია მოჰყვება;

აშშ-ში ხაგრძლივი მოხმარების საგნების შეკვეთების სტატისტიკა, უმუშევრობაზე შემწეობის განაცხადების პირველადი მონაცემები და მშენებარე ბინების გაყიდვების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

 

პარასკევი

აშშ-ში მესამე კვარტალში ეკონომიკის განვითარების წინასწარი მონაცემები და მომხმარებელთა განწყობის სტატისტიკა გამოქვეყნედბა;

ბრიუსელში გამოსვლა აქვს ECB-ს პრეზიდენტ მარიო დრაგის.