საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 19-23 ნოემბერს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 19-23 ნოემბერს

მომავალ კვირაში ბაზრების ყურადღების ცენტრში დარჩება ბრექსიტის და სავაჭრო დაძაბულობის თემები. ამერიკაში კი, მადლიერების დღესთან დაკავშირებული არდადგების გამო, არასრული სავაჭრო კვირა ექნებათ.

ახლოვდება აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის დღე და ინვესტორები მოუთმენლად ელიან ყველა ცნობას, რომლებიც ამ საკითხს შეეხება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახლახანს განაცხადა, რომ დამატებით ჩინურ პროდუქციაზე ტარიფებს არ გაზრდის, თუ მხარეები ორივესთვის მისაღებ პირობებს შეათანხმებენ.

სავაჭრო დაძაბულობის შემსუბუქების შემთხვევაში, მოიხსნება იმის რისკი, რომ მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის განვითარება არ შენელდება. ამას კი მსოფლიო ვაჭრობის ახალ დონეზე აყვანა და ინვესტორებისთვის ახალი პერსპექტივების შექმნა მოჰყვება.

ამერიკაში შავი პარასკევის, შოპინგის კვირა დაიწყო. სტატისტიკოსები მომხმარებლების ხარჯვის მონაცემებს გამოაქვეყნებენ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის სურათს იძლევა.

ბრიტანეთში მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა ბრექსიტია. პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მომდევნო შვიდ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ევროკავშირიდან ბრიტანეთის შეუთანხმებლად გასვლის პერსპექტივა, ბრიტანელების გარდა, ევროპელებსაც არ მოსწონთ. მაგრამ არის საკითხები, რომელთა გამოც, მათ შორის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

პარასკევს ფედრეზერვის ვიცე თავმჯდომარე რიჩარდ კლარიდას მტრედული გამოსვლის გამოსვლის შემდეგ, დოლარმა პოზიციები ოდნავ დათმო. მან განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების ნიშნებს ხედავს. მისივე თქმით, დოლარზე საპროცენტო განაკვეთი იმ დონეს უახლოვდება, რომელსაც ფედრეზერვში ნეიტრალურად განიხილავენ. მისი გამონათქვამები ანალიტიკოსებმა აღიქვეს, როგორც განაკვეთის ზრდის პროცესის შენელების ან საერთოდ შეწყვეტის შესაძლებლობა.
საერთო ჯამში, დოლარის ინდექსმა, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს გამოსახავს, 0.5 პროცენტით, 96.31-მდე დაიკლო. სულ კი კვირის განმავლობაში, ინდექსი 0.43 პროცენტით შემცირდა.

პარასკევის სავაჭრო სესიის დასასრულისთვის, დოლარმა იაპონურ ვალუტასთან 0.73 დაკარგა და 112.83 იენამდე ჩამოქვეითდა. მსგავსი სიტუაცია იყო ევროსთან წყვილშიც. ევროპულ ვალუტასთან კლება უფრო მეტი - 0.76 პროცენტი იყო და ერთი ევროს ფასი 1.1413 დოლარამდე გაიზარდა. რაც მთავარია, 1.1300-ის გადალახვა შეძლო.

ევროს გამყარებას ხელი იმ გარემოებამ შეუწყო, რომ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის პრემიერ მინისტრ ჯუზეპე კონტეს, ქვეყნის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ევრო კავშირთან შეთანხმების მიღწევა სურს. ეს კი მისი მხრიდან დათმობას ნიშნავს და ამ შემთხვევაში, ევროს დიდი ტვირთი მოეხსნება.

ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობის მიუხედავად, დოლარმა პოზიცია სტერლინგთანაც დათმო (0.48 პროცენტით) და 1 სტერლინგის ფასი 1.2834 დოლარამდე გაიზარდა. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ხუთშაბათის დანაკარგისა, რამაც 1.69 პროცენტი შეადგინა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მეის ბრექსიტის გეგმაზე პროტესტის ნიშნად, რამდენიმე, მათ შორის, ბრექსიტის საქმეთა მინისტრი გადადგა.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

იაპონია ვაჭრობის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

ნიუ იორკში გამოსვლა აქვს ნიუ იორკის ფედრეზერვის პრეზიდენტ ჯონ უილიამსს;

 

სამშაბათი

იაპონიის ბანკი, თავისი მონეტარული პოლიტიკის ბოლო შეხვედრის ჩანაწერებს გამოაქვეყნებს;

ინგლისის ბანკის მმართველი მარკ კარნი და მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრები, პარლამენტის სახაზინო კომიტეტის წინაშე წარსდგებიან;

შეერთებულ შტატებში, მშენებლობებზე გაცემული ნებართვების და ახალდაწყებულ მშენებლობათა სტატისტიკას გამოაქვეყნებენ;

 

ოთხშაბათი

ბრიტანეთში სახელმწიფო სექტორში სესხების მონაცემებს გამოაქვეყნებენ;

აშშ-ში უმუშევრობის განაცხადების სტატისტიკას და მომხმარებელთა განწყობის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ;

 

ხუთშაბათი

ამერიკაში ფინანსური ბაზრები მადლიერების არდადეგებზე დაიკეტება;

ევროპის ცენტრალური ბანკი, თავისი მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომის ჩანაწერებს გამოაქვეყნებს;

 

პარასკევი

იაპონიაში არდადეგებია;

ევრო ზონაში კერძო სექტორის ბიზნეს აქტივობის მონაცემებს გამოაქვეყნებენ;

კანადაში საცალო ვაჭრობის და ინფლაციის მონაცემები გამოქვეყნდება.