გერმანიის მთავრობამ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
გერმანიის მთავრობამ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

გერმანიის მთავრობამ, ქვეყნის ეკონომიკის წლევანდელი და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა და გამოაცხადა, რომ ევროპის უდიდესი ეკონომიკისთვის, მომავალში ყველაზე დიდ რისკად, მსოფლიოში სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვას ხედავს.

ახალი პროგნოზის შესაბამისად, 2018 და 2019 წლების ზრდის ტემპი 1.8 პროცენტი იქნება. წინა პროგნოზის შესაბამისად, წელს ეკონომიკა 2.3 პროცენტით, მერმისს კი 2.1 პროცენტით უნდა გაზრდილიყო.

მთავრობის საპროგნოზო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო ვაჭრობაში არსებული სირთულეები, გერმანიაში მოხმარების შემცირება, წინა მონაცემების კორექცია და საავტომობილო სექტორში წარმოების შემცირება განაპირობებს.

გერმანიის ეკონომიკისთვის რისკ ფაქტორებს შორის არის ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა და თურქეთსა და არგენტინაში ეკონომიკური კრიზისი, რამაც შესაძლოა, სხვა განვითარებადი ქვეყნებიც მოიცვას.

გერმანიის ეკონომიკა ექსპორტზეა ორიენტირებული. მის მდგომარეობას ასევე განაპირობებს მოსახლეობის ხარჯვის სტატისტიკა, რაც თავის მხრივ, დასაქმებაზე და ხელფასების ზრდაზეა დამოკიდებული. ევროპის უდიდესი ეკონომიკა უკვე ზედიზედ ცხრა წელია, რაც იზრდება, რასაც დასაქმების მაღალი დონე და ანზღაურების სტაბილური ზრდა უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი ფაქტორია სესხებზე დაბალი ხარჯები.

დასაქმების მაღალი დონის ფონზე, ქვეყანაში მილიონზე მეტი დაუკმაყოფილებელი ვაკანსიაა. მთავრობა ვარაუდობს, რომ ნომინალური ანაზღაურების ზრდა 3.0 პროცენტი იქნება, 2019 და 2020 წლებში კი 3.1 პროცენტს მიაღწევს. რაც შეეხება ინფლაციას, მისი ზრდის ტემპი წელს 1.9 პროცენტს, მომავალ წელს კი 2.0 პროცენტს მიაღწევს.