დოლარი 2018 წლის მაქსიმუმის სიახლოვესაა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
დოლარი 2018 წლის მაქსიმუმის სიახლოვესაა

იმ დროს, როცა ევრო და სტერლინგი პოზიციებს თმობენ, დოლარის ინდექსი კვლავ წლის მაქსიმალური მაჩვენებლის სიახლოვეს რჩება. მის პოზიციებს ამყარებს იმის მოლოდინი, რომ ფედრეზერვი დეკემბრის სხდომაზე დლარის განკვეთს კვლავ ასწევს. ამის საპირისპიროდ, სტერლინგს მძიმე ტვირთად აწევს ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობა, ევროს კი, ბრექსიტის გარდა, იტალიის ბიუჯეტის პრობლემებიც ქვემოთ ექაჩება.

დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 97.41-ის სიახლოვეს იმყოფება, საიდანაც ხელის გაწვდენაზეა ბოლო 16 თვის მაქსიმალური მაჩვენებელი - 97.53.

დოლარზე მოთხოვნის ზრდას ხელი შეუწყო ფედრეზერვის მიერ, წინა კვირაში გაკეთებულმა მინიშნებამ იმის თაობაზე, რომ დოლარის განაკვეთის მორიგი ზრდა დეკემბერშია მოსალოდნელი. უფრო მეტიც, შესაძლოა განაკვეთი 2019 წლის დასაწყისშიც გაიზარდოს. ამის საფუძველი კი არის შეერთებული შტატების ეკონომიკის მდგრადი ზრდა და უმუშევრობის თითქმის ნულოვანი დონე.

ევროპული ვალუტების გარდა, დოლარი პოზიციებს იაპონურ იენთანაც იმყარებს. იენთან წყვილში, 1 დოლარის ფასი 0.23 პროცენტით გაიზარდა და 114.10 იენს მიაღწია, რაც წლევანდელ მაქსიმუმთან (114.53 – 4 ოქტომბერი) ძალიან ახლოსაა.

სტერლინგმა დოლართან ახალი სავაჭრო კვირის დასაწყისშივე დათმო პოზიცია და გეპი დააფიქსირა, რომელიც კვლავაც შეუვსებელია. პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სტერლინგი დანაკარგების კომპენსირებას და გეპის შევსებას ცდილობს. თუმცა ბრექსიტის გაურკვევლობა მის გაძლიერებას მკაცრად ზღუდავს.

გლობალური ბაზრების განწყობა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა იმის იმედი, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობა გაუმჯობესდბა. ამის საფუძველს კი ის გარემოება იძლევა, რომ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს წამყვანი მოხელეები, ამერიკაში გასამგზავრებლად და ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრის საკითხთა შესათანხმებლად ემზადება.