ტრამპი იუანის დასუსტებას სავალუტო მანიპულაციას უწოდებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ტრამპი იუანის დასუსტებას სავალუტო მანიპულაციას უწოდებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩინური იუანის მკვეთრ გაუფასურებას, სავალუტო მანიპულაცია უწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ფედერალური რეზერვისგან, ჩინელების ქმედებაზე რეაგირება მართებული იქნება.

„ჩინეთმა საკუთარი ვალუტის ფასი, თითქმის ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა. ამას სავალუტო მანიპულაცია ჰქვია. გესმით ფედერალურ რეზერვში? ეს დიდი დარღვევაა, რაც დროთა განმავლობაში, ჩინეთს ძალიან დაასუსტებს“, - საკუთარ ტვიტერზე წერს ტრამპი.

რამდენიმე დღის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფებს 10 პროცენტით გაზრდის. ამას მოჰყვა ამ კვირის დასაწყისში, ჩინური იუანის გაუფასურება - 1 დოლარის ფასი 7 იუანს ასცდა, რაც ფსიქოლოგიურ ბარიერად იყო მიჩნეული. ჩინეთის ხელისუფლება დაჟინებით იმეორებდა, რომ ვალუტის სტაბილურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და რომ სავაჭრო ომში, თუნდაც მცირე დანკარგების საკომპენსაციოდ, ვალუტის გაუფასურებას არ გეგმავს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ იუანის ფასის ვარდნა, ქვეყნიდან კაპიტალის მოსალოდნელი გადინების შიშმა გამოიწვია. შესაძლოა, ჩინეთმა იუანის აღნიშნულ ზღვარს ქვემოთ შესანარჩუნებლად, საკუთარი კოლოსალური სავალუტო რეზერვიც კი ჩართოს საქმეში.

ტრამპი ფედრეზერვს კვლავ მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ მოუწოდებს. ცენტრალურმა ბანკმა ახლახანს განაკვეთი 0.25 პროცენტიტ შეკვეცა, თუმცა ტრამპი ამას საკმარისად არ მიიჩნევს. კვლავ აქტუალურია აშშ-ის მიერ სავალუტო ინტერვენციის თემა, რაც უკვე იყო ტრამპის და მისი ეკონომიკური გუნდის განსჯის საგანი.