RBC სტერლინგზე განაკვეთის შეკვეცას პროგნოზირებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
RBC სტერლინგზე განაკვეთის შეკვეცას პროგნოზირებს

კანადის სამეფო ბანკის (RBC) პროგნოზით, ინგლისის ბანკი წელს სტერლინგზე განაკვეთს შეკვეცავს. და ეს იქნება იძულებითი ნაბიჯი, რასაც ბრექსიტთან და მსოფლიო ვაჭრობაში არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებული მზარდი რისკები განაპირობებს.

RBC, რომელიც ბრიტანული სამთავრობო ბონდების ძირითადი დილერია, კლიენტებისთვის გაგზავნილ ჩანაწერში წერს, რომ ინგლისის ბანკი (BoE) მალე თავის ტონს შეცვლის და მის ჩანაწერში გაქრება ფრაზა იმის შესაბ, რომ „რაღაც მომენტში განაკვეთი გაიზრდება“. უფრო მეტიც, RBC თვლის, რომ ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ ბრექსიტის პროცესი ხელშეკრულებით, რბილად ჩაივლის.

ბრექსიტის ახალი ბოლო ვადის (31 ოქტომბერი) მოახლოებასთან ერთად, ფინანსური ბაზრები სულ უფრო მეტად შიშობენ, რომ ბრექსიტი რბილად არ ჩაივლის. ამ განწყობამ, სტერლინგი დოლართან წყვილში, ბოლო ორი წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე შეამცირა.

ახლახანს BoE-ს მმართველმა მარკ კარნიმ, ბაზრები არამხოლოდ უხელშეკრულებო ბრექსიტის მოლოდინთან, არამედ გლობალურ სავაჭრო ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებითაც გააფრთხილა. მეორე ფაქტორი ის ძირითადი მიზეზია, რომლის გამოც, სხვა ცენტრალური ბანკები, მათ შორის ფედრეზერვიც, უკვე გეგმავენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და ეკონომიკის სტიმულირებას.

პრემიერ მინისტრობის კანდიდატებმა, ბორის ჯონსონმა და ჯერემი ჰანტმა განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა, ხელშეკრულების გარეშე განახორციელონ. თუმცა კანონმდებლების უმეტესობა ირწმუნება, რომ ასეთ გასვლას წინ აღუდგება.

RBC-ს უწინდელი პროგნოზით, სტერლინგზე განკვეთის აწევა თებერვალში იყო მოსალოდნელი. ბანკის ანლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბრექსიტის გადადების და პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შანსი 60 პროცენტამდე არის გაზრდილი. და თუ ასე მოხდა, ეს BoE-ს განაკვეთის შემცირებას (50 საბაზისო პუნქტით) აიძულებს.

RBC დასძენს, რომ ბრექსიტის დროულად და ხელშეკრულებით განხორციელების ალბათობა მხოლოდ 15 პროცენტია. და თუნდაც ასე მოხდეს, ინგლისის ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ჯერ არ დაიწყებს, რადგან ბრიტანეთის ეკონომიკის მდგომარეობა ამის საბბს არ მისცემს.