პაუელმა წინამორბედ გრინსპენის განაკვეთის სადაზღვევო შეკვეცა გამოიყენა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
პაუელმა წინამორბედ გრინსპენის განაკვეთის სადაზღვევო შეკვეცა გამოიყენა

იმ დროს, როცა ბაზარი ფედრეზერვისგან განაკვეთის შეკვეცას და მტრედულ მოხსენებას ელოდა, ჯერომ პაუელმა და კომპანიამ, დოლარის განაკვეთის მოსალოდნელი შეკვეცა კი განახორციელეს, მაგრამ იმავდროულად გამოაცხადეს, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადი აქტი იყო და მხოლოდ და მხოლოდ, თავის დაზღვევას ისახავდა მიზნად.

პაუელის და ფედრეზერვის ამ ქმედებამ, მიმომხილველებს მუშაობის ალან გრინსპენისეული (ფოტოზე) სტილი გაახსენა, რომელმაც იგივე ტაქტიკა 1990-იან წლებში გამოიყენა და წარმატებასაც მიაღწია. გრინსპენის დროინდელმა ფედრეზერვმა განაკვეთის მცირე შეკვეცა ორჯერ, 1995 და 1998 წლებში განახორციელა.

„ამ შეკვეცას დაზღვევითი ხასიათი ჰქონდა“, - პრეს კონფერენციაზე განაცხადა პაუელმა და დაამატა, რომ განაკვეთის ეს მცირე კორექცია საჭირო იყო, რათა აშშ-ის ეკონომიკის რეკორდულად ხანგრძლივი ზრდის პროცესის გაგრძელებას შეეწყოს ხელი.

გრინსპენის ტაქტიკის გამოყენება შემთხვევითი არაა. მას შემდეგ, რაც ფედრეზერვის თავმჯდომარე გახდა, პაუელი თავის წინამორბედებს საკონსულტაციოდ არაერთხელ ეთათბირა. ყველაზე ხშირი და ხანგრძლივი შეხვედრები კი გრინსპენთან აქვს. ისინი ბოლოს ერთმანეთს 17 აპრილს, ლანჩზე შეხვდნენ და მათი თათბირი 75 წუთს გრძელდებოდა.

ეკონომიკის ჩანაწერები აჩვენებს, რომ გრინსპენის ფედრეზერვის მიერ შესრულებულმა ორივე შეკვეცამ, ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა. პაუელის ფედრეზერვის შეკვეცა კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის საკმარისი არაა და ის ამბობს, რომ ფედრეზერვმა მას და მის გუნდს „უღალატა“, როცა განაკვეთი უფრო მეტად არ შეკვეცა.

1995 წლის ივლისში სამრეწველო წარმოება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა, უმუშევრობაზე განაცხადები კი გაიზარდა. ამის მიუხედავად, ფედრეზერვის წევრები არ თვლიდნენ, რომ ეს რეცესიის ნიშნები იყო. და მაინც, მათ დალოდებას მოქმედება ამჯობინეს და თავის დასაზღვევად, განაკვეთი ზედიზედ სამჯერ შეკვეცეს. ამას დაუყოვნებლივ სამრეწველო სექტორის და შრომის ბაზრის გამოცოცხლება მოჰყვა.

სამი წლის შემდეგ, ეკონომიკას სისუსტის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა, მაგრამ საფონდო ბაზარი მკვეთრად დაეცა და ჰეჯ ფონდ „ლონგ ტერმ კეპიტალ მენჯმენტის“ კოლაპსმა, ბაზარზე გააჩინა იმის შიში, რომ ეს ეკონომიკას ხიფათს შეუქმნიდა. ფედრეზერვმა კვლავ არ დააყოვნა, განაკვეთი სამჯერ შეკვეცა და საფონდო და საკრედიტო ბაზრებს, უმალ გაჯანსაღება დაეტყო. ეკონომიკამ კი ზრდა გააგრძელა.

ამ ორი „სადაზღვევო“ შეკვეცის წყალობით, შეერთებული შტატების ეკონომიკას, ზრდის რეკორდულად ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდა. თუმცა ახლანდელმა, ზრდამ ეს რეკორდი უკვე გააუმჯობესა.

პაუელის თქმით, ფედრეზერვის წლევანდელ ქმედებებს , რომლებიც განაკვეთის ზრდის ციკლის დასრულებაში გამოიხატა, ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი იქონია. მისივე თქმით, რამდენიმე თვეა საჭირო იმის გასარკვევად, თუ რამდენად ეგფექტური იყო განაკვეთის შეკვეცა, რომელიც ივლისის სხდომაზე განხორციელდა.