მისტერ იენი დოლარში 100 იენს პროგნოზირებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
მისტერ იენი დოლარში 100 იენს პროგნოზირებს

იაპონიის ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეისუკე საკაკიბარამ, ვინც „მისტერ იენის“ მეტსახელითაც არის ცნობილი, ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა, რომ იენი დოლართან წყვილში, ნელა მიემართება 100-იენიანი ზღვარისკენ.

საკაკიბარას „მისტერ იენი“ 1990-იან წლებში შეარქვეს, როცა აზიის ფინანსური კრიზისის დროს, იაპონური ვალუტის საქმეებს განაგებდა. მისი ხელმძღვანელობით, სავალუტო ბაზარზე რამდენიმე ინტერვენცია განხორციელდა.

საკაკიბარა ფიქრობს, რომ დოლარი-იენის წყვილი წლის ბოლოსთვის, ან მომავალი წლის დასაწყისში, 100 იენის ზღვარს მიუახლოვდება. ის თვლის, რომ ეს ის ზღვარია, რომელზეც იაპონიის ბანკს აუცილებლად მოუწევს რეაგირება და მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შერბილებისთვის ზომების მიღება.

მისტერ იენი ასევე ფიქრობს, რომ იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დოლარის უფრო დაბალი კურსი სურს, იენს უფრო მეტად გამყარების რეალური პერსპექტივა ექნება. მისივე აზრით, იაპონიის მთავრობას ამ ეტაპზე, იენის გამყარების ფაქტი დიდად არ აშფოთებს.

ნისტერ იენის აზრით, ტოკიომ თავიდან უნდა აიცილოს ინტერვენცია, რადგან ასეთ ქმედებას აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება და შესაბამისად, ჩარევა შესამჩნევ ეფექტს ვერ იქონიებს.

უფრო მეტიც, ის თვლის, რომ იენის თანდათანობით გამყარება იმ იაპონურ კომპანიებს ახეირებს, რომლებსაც წარმოების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ აქვთ გატანილი.