ჯონსონის პირობებმა სტერლინგი დაასუსტა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ჯონსონის პირობებმა სტერლინგი დაასუსტა

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთავარი მოვლენა იაპონიის ბანკის გადაწყვეტილება იყო, ის სხვა გარემოებამ გადაფარა. ბრიტანეთის ახალმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრას არ აპირებს მანამ, სანამ განხილვიდან ირლანდიის საზღვრის საკითხი არ მოიხსნება.

ეს თემა ძირითადი მიზეზი იყო იმისა, რომ ტერეზა მეიმ, ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმებული ბრექსიტის გეგმის პარლამენტში დამტკიცებას ვერ მიაღწია. თავის მხრივ, ევროკავშირის ლიდერები იქადნიან, რომ მეისთან მიღწეული შეთანხმების გადახედვას არ აპირებენ. ყველაფერი იქით მიდის, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს ხელშეკრულების გარეშე დატოვებს.

შექმნილ სიტუაციაში, სტერლინგმა სავალუტო ბაზარზე მკვეთრად დათმო პოზიციები. დოლართან წყვილში ბოლო ორწელიწადნახევრის მინიმუმი განაახლა და 1.2114-ს მიაღწია, რის შემდეგაც კორექცია დაიწყო. სტერლინგი ევროსთანაც დასუსტდა. ამგვარად, ბოლო კვირაში სტერლინგმა დოლართან 2.2 პროცენტი დათმო, ბოლო თვეში კი დანაკარგმა 3.8 პროცენტი შეადგინა.

ირლანდიის საკითხი ითვალისწინებს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას (რომელიც ბრიტანეთის ნაწილია) შორის ეგრეთ წოდებული „რბილი“ საზღვარი შენარჩუნდეს. ამის საპირისპიროდ, ბრიტანეთი ხისტი საზღვრის აღდგენას მოითხოვს.

რაც შეეხება იაპონიის ბანკის გადაწყვეტილებას, იენზე ე.წ. შუაღამის განაკვეთი უცვლელად, -0.1 პროცენტის დონეზე დარჩა. მაგრამ ბანკმა ინფლაციის პროგნოზი შეამცირა და კვლავ გამოაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიიღებს დამატებით ზომებს. ასეთმა გადაწყვეტილებამ, იენი დოლართან ოდნავ გაამყარა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ განაკვეთთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ფედრეზერვი მიიღებს.