იენი 100-კენ მიემართება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
იენი 100-კენ მიემართება

მიუხედავად იმისა, რომ ივნისის ბოლოდან იენმა დოლართან წყვილში პოზიციები დათმო, რაც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკების გაგრძელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, ბაზრის განწყობა მაინც მის სასარგებლოდ მუშაობს. ამ განწყობას კი რისკებისგან თავშესაფარ აქტივებზე მოთხოვნა განაპირობებს.

აპრილიდან მოყოლებული, წყვილის ფასმა ბევრი ბარიერი გადალახა და არსებობს თავშეკავებული პროგნოზები, რომელთა შესაბამისადაც, დაღმასვლა 100 იენამდე შეიძლება გაგრძელდეს. ამის საფუძველს კი ისევ და ისევ, აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა სირთულე განაპირობებს. უფრო სწორედ, იმის მოლოდნ, რომ პრობლემა მალე არ მოგვარდება. ეს კი ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკის დასუსტების რეალური საფუძველი ძალაში რჩება.

ოსაკას G20-ის სამმიტზე მიღწეული შეთანხმების წყალობით, წყვილმა 105 იენამდე დაშვება შეწყვიტა და 108.50-მდე გაიზარდა, რაც წინააღმდეგობის ძლიერი დონეა. მაგრამ იენზე მოთხოვნის ზრდას შეიძლება ხელი შეუწყოს იმ ფაქტმა, რომ ირანმა ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა დაიწყო და მის მონაწილეებს ხისტი პირობები წაუყენა იმისთვის, რომ შეთანხმების შესრულებას დაუბრუნდეს. ეს ყველაფერი, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას შეუწყობს ხელს.

ასეთ რისკულ გარემოში, დიდი ფონდები იენის გრძელ პოზიციებს ხსნიან. ძალიან ძლიერი ფაქტორია ფედრეზერვისგან განაკვეთის შეკვეცის მოლოდინი, თუმცა ეს ფაქტორი ბაზრებს ფასებში უკვე ასახული აქვთ. თანაც ახლახანს აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა, შრომის ბაზრის საკმაოდ ოპტიმისტური მონაცემები გამოაქვეყნა.

მოკლედ, დოლარ-იენის წყვილის ვარდნის გაგრძელების შემთხვევაში, მხარდაჭერის უახლოესი ძლიერი დონე, უახლოესი სვინგის (106.75-დან) გავლის შემდეგ, 105 იენი იქნება, რასაც ფსოქოლოგიური დონე - 103 იენი მოჰყვება.

„ჯეიპი მორგან ჩეიზის“ ტოკიოს ოფისის ბაზრების კვლევის შეფი ტოჰრუ სასაკი ვარაუდობს, რომ 103-ის მიღწევა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ფედრეზერვი უახლოეს სხდომაზე (ივლსის ბოლოს) განაკვეთს შეკვეცავს. ისიც იენს გამყარებაზე აკეთებს პროგნოზს.

იენის გამყარების კიდვ ერთი ფაქტორი, ამერიკული სახაზინო და იაპონური სამთავრობო 10-წლიანი ბონდების მომგებიანობის დაახლოებაა. და ამჟამად სწორედ ეს პროცესია ძალაში. სასაკი ამბობს, 100-იანი ზღვრის მისაღწევად, ამერიკული სახაზინო ბონდების მომგებიანობის კლება უნდა გაგრძელდეს და იაპონიის ბანკმა  განაკვეთი მინუს 0.2-მდე შეამციროს. და თუ ასეთ სიტუაციაში, ამერიკული სახაზინო 10-წლიანი ბონდების მომგებიანობა 1 პროცენტამდე დაეცემა, დოლარი-იენის ფასი 100 იენს მიაღწევს...