ფედრეზერვმა განაკვეთი 2008 წლის შემდეგ პირველად შეკვეცა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვმა განაკვეთი 2008 წლის შემდეგ პირველად შეკვეცა

როგორც მოსალოდნელი იყო, ფედრეზერვის ღია ბაზრების ფედერალურმა კომიტეტმა დოლარზე განაკვეთი 0.25 პროცენტით შეკვეცა. 2008 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი განაკვეთს ამცირებს. ამის მიზეზად, ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბლა დარჩენა და გლობალური ეკონმიკის პრობლემები დასახელდა.

იმავდროულად, ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ განაკვეთის შემდგომი შეკვეცა და მონტარული პოლიტიკის შერბილება არ იგეგმება. მისი თქმით, ეს შეკვეცა არ მოასწავებს შერბილების ხანგრძლივ ციკლს.

მას შემდეგ, რაც ფედრეზერვმა 0.25-პროცენტიანი შეკვეცა განახორციელა, განაკვეთის შუალედი 2.0-2.25 პროცენტებს შორისაა. უფრო ადრე, ზედა ზღვარი 2.5 პროცენტზე იყო.

განაკვეთის შეკვეცას ბაზარზე დიდი რყევა არ გამოუწვევია, რადგან ინვესტორებს ის ფასებში უკვე ასახული ჰქონდათ. უფრო მეტიც, მათ მცირე ნაწილს სჯეროდა, რომ შეკვეცა 0.5-პროცენტიანი იქნებოდა. თუმცა უმეტესობამ ასეთი რადკალური სცენარი იმ მარტივი მიზეზის გამო გამორიცხა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე უკეთ ვითარდება.

სხდომის შემდგომ პრესკონფერენციაზე პაუელმა განაცხადა, რომ ეს სვლა პოლიტიკის შუა ციკლის დაზუსტება იყო და დასძინა, რომ ბაზრის მოლოდინს განაკვეთის შეკვეცის გაგრძელებაზე, საფუძველი არ აქვს. არადა, ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედრეზერვს განაკვეთის დიდი შეკვეცისკენ მოუწოდა, რათა გაბათილებულიყო ის „უსაფუძვლო“ ზრდა, რაც ფედრეზერვმა შარშან განახორციელა.

„ფედრეზერვით ძალიან გაწბილებული ვარ. მე მინდა, რომ განაკვეთი მკვეთრად შემცირდეს და კმაყოფილი დავრჩები, თუ რაოდენობრივი შემჭიდროება დასრულდება“, - რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა ტრამპმა.

განაკვეთის შეკვეცის კვალობაზე, ბაზარმა ამის საწინააღმდეგო ქმედებად აღიქვა ფედრეზერვის განცხადება იმის თაობაზე, რომ აგვისტოში დასრულდება მის ხელთ დაგროვილი აქტივების  შემცირების პროგრამა. და ეს დაგეგმილზე ორი თვით ადრე მოხდება.

ფედრეზერვმა აქამდე განაკვეთი ბოლოს 2008 წლის 16 დეკემბერს შეკვეცა. მაშინ ეს ფინანსური კრიზისის ფონზე და „ლემან ბრაზერსის“ კოლაპსიდან სამი თვის შემდეგ მოხდა. მაშინ განაკვეთი 0-0.25 პროცენტის ფარგლებში დადგინდა და გამოცხადდა, რომ ფედერალური ფონდების განაკვეთის განსაკუთრებულად დაბალი დონე გარკვეული დროით დარჩებოდა. ცნობისათვის, 2007 წელს განაკვეთი 4.24 პროცენტის დონეზე იყო.