ფედრეზერვის შეფი პოზიციას არ იცვლის

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვის შეფი პოზიციას არ იცვლის

ციურიხის უნივერსიტეტში გამოსვლისას, შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი „საჭიროების შესაბამისად იმოქმედებს“, რათა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მდგრად განვითარებას ხელი შეუწყოს. ამგვარად, მან კვლავ გაიმეორა ფრაზა, რომელიც ფინანსურ ბაზრებს აღქმული აქვთ, როგორც განაკვეთის შეკვეცისთვის მზადყოფნა.

„ჩვენი მოვალეობა ისაა, რომ ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ. და ეს ისაა, რასაც გავაგრძელებთ. ჩვენ იმ მომენტში ვართ, როცა აზრთა სხვადასხვაობა არსებობს“, - ამბობს პაუელი. ის და ფედრეზერვის მონეტარული პოლიტიკის გუნდის წევრები, გადაწყვეტილების მისაღებად, სხდომას 17-18 სექტემბერს გამართავენ.

იმ სიტუაციაში, როცა შრომის ბაზარი და სამომხმარებლო ხარჯვა კარგი სტატისტიკით გამოირჩევა, მაგრამ იმავდროულად, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი ძალას იკრებს, ბრიტანეთი უხელშეკრულებო ბრექსიტისკენ მიემართება და მსოფლიო ეკონმიკას რეცესიის რეალური საფრთხე ემუქრება, ფედრეზერვის წევრებს შორის, მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, აზრთა განსხვავება არსებობს. ეს FOMC-ის წინა სხდომის ჩანაწერებმა გამოავლინა.

ბოსტონის ფედრეზერვის პრეზიდენტი ერიკ როზენგრენი, განაკვეთის უცვლელად დატოვებას მიემხრო. მის საპირისპიროდ, სენტ ლუისის ფედრეზერვის პრეზიდენტი ჯეიმს ბულარდი, განაკვეთის ნახევარი პროცენტით შეკვეცას მოითხოვდა. ის თვლის, რომ ამგვარად, ქვეყნის ეკონომიკა, სავაჭრო ომით გამოწვეულ რისკებს უფრო მომზადებული დახვდება. მაშინ საბოლოო შეთანხმებით, განაკვეთი მეოთხედი პროცენტით შემცირდა. ფინანსური ბაზარი კი იმის მოლოდინშია, რომ მორიგი შეკვეცა უახლოეს სხდომაზე მოხდება.

მაგრამ პაუელი ამბობს, რომ ფედრეზერვის წევრები, გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში, გეოპოლიტიკურ რისკებს და ეკონომიკის სტატისტიკურ მონაცემებს გაითვალისწინებენ.