აშშ დოლარი - როდის აჯობებენ ხარებს დათვები

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
აშშ დოლარი - როდის აჯობებენ ხარებს დათვები

პრეზიდენტ ტრამპს უფრო იაფი დლარი სურს, IMF ამბობს, რომ დოლარი უფრო იაფი უნდა იყოს. ჰეჯ ფონდები ფიქრობენ, რომ ჯერაც არის დოლარის ზრდის რესურსი. და რა გზას დაადგება თვითონ დოლარი?

საინტერესო ფაქტი: შარშანდელი მარტის შემდეგ, რაც ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს, დოლარმა ექვსი ძირითადი ვალუტის კალათასთან მიმრთებით, წონაში 3 პროცენტით მოიმატა.

მაგრამ ეს არანაირად არ მოსწონს ტრამპს, ვინც ყოველთვის იმეორებს, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის და ექსპორტის ზრდისთვის, უფრო სუსტი დოლარი ესაჭიროება. ის ფიქრობს, რომ აშშ-სთან ვაჭრობაში უპირატესობის მოსაპოვებლად, რიგი ქვეყნები (მათ შორის ჩინეთი) საკუთარი ვალუტით მანიპულირებენ.

ტრამპის რიტორიკამ საფუძველი მისცა ვარაუდს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ კი ხაზინის დეპარტამენტმა, შესაძლოა ბაზარზე ინტერვენცია განახორციელოს, რისთვისაც სავალუტო სტაბილიზაციის ფონდს გამოიყენებს. ამ ეტაპზე, ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი, თუმცა ფაქტია, რომ ტრამპს და მის ეკონომიკურ გუნდს, ამ საკითხზე მსჯელობაც ჰქონდა.

როგორც „ბენკ ოფ ამერიკა მერილ ლინჩი“ აცხადებს, სავალუტო სტაბილიზაციის ფონდის განკარგულებაში 146 მილიარდი დოლარია, რაც შესაძლოა, შედეგიანი ინტერვენციისთვის საკმარისი არ იყოს. შედარებისთვის, სავალუტო ბაზრის მოცულობა 5 ტრილიონ დოლარზე მეტია.

ტრამპი ერთადერთი არაა, ვინც ფიქრობს, რომ დოლარი უფრო სუსტი უნდა იყოს. საერთაშორისო მონეტარული ფონდი თვლის, რომ ეკონომიკის ფუნდამენტური მონაცემების შესაბამისად, დოლარი 6-12 პროცენტით იაფი უნდა ღირდეს. მაგრამ სტრუქტურული ფაქტორები, მათ შორის ის, რომ დოლარი გლობალური მასშტაბით, სარეზერვო ვალუტის პოზიციაშია, ეს შეუძლებელს ხდის.

პარალელურად, ჰეჯ ფონდები სულ უფრო მეტად ფიქრობენ, რომ დოლარს ზრდის საფუძველი ჯერაც გააჩნია, რის მიზეზადაც ასახელებენ სავაჭრო პრობლემებს, რაც მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენლებას იწვევს.

 

ხარების ხედვა

დოლარის ხარების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ამერიკული ვალუტა რისკებისგან თავშესაფარ აქტივს წარმოადგენს. „TD სეკურიტიზის“ უფროსი სავალუტო სტრატეგი მაზენ ისა ფიქრობს, რომ ჩინეთთან სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომის შემთხვევაში, დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება.

ამერიკული ვალუტის გარდა, ინვესტორთათვის მიმზიდველია აშშ-ის ხაზინის ფასიანი ქაღალდები. ამ ორი აქტივის შემდგომი გამყარება, მათი მფლობელი ინვესტორებისთვის დამატებითი მოგების მომტანია. ამიტომ ისინი დოლარის სიმყარით დაინტერესებულები არიან.

„პრინსიპალ გლოუბლ ინვესტორის“ მთავარ სტრატეგ სეემა შაჰის თქმით, არაამერიკული ბონდების დაახლოებით 40 პროცენტის მომგებიანობა უარყოფითია. ამის გამო, ამერიკული ხაზინის ფასიანი ქაღალდები, ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველია.

 

დათვების ხედვა

იმის პარალალურად, რომ სავაჭრო ომი დოლარზე მოთხოვნის ზრდას იწვევს, მასვე ამერიკული ვალუტის დაზარალებაც შეუძლია. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სავაჭრო ომი შეერთებული შტატების ეკონომიკას დააზარალებს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ვაჭრობაში არსებული დაძაბულობა, ბიზნესის და მომხმარებელთა თავდაჯერებულობაზე უარყოფითად აისახება, გაუარესდება საფინანსო გარემო.

„ვესტპაკის“ ნიუ იორკის ოფისის მთავარი სავალუტო სტრატეგი რიჩარდ ფრანულოვიჩი ამბობს, რომ სავაჭრო ომის ესკალაცია, აშშ-ის ეკონომიკისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს. ეს კი ფედრეზერვს იძულებულს გახდის, რომ კიდევ უფრო შეარბილოს მონეტარული პოლიტიკა, რასაც დოლარის დასუსტება მოჰყვება.

CME ჯგუფის ფედრეზერვის დამკვირვებელ ანალიტიკოსთა ვარაუდით, რომ თავის მომდევნო მონეტარულ სხდომაზე, ფედრეზერვი განაკავეთს კვლავ შეკვეცავს. ამის მიზეზად კი აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის კიდევ უფრო მეტად გამწვავება სახელდება.

„იმ მომენტს ვუახლოვდებით, რომლის შემდეგაც, რაც უფრო გამწვავდება აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი, დოლარზე მოთხოვნა სულ უფრო შემცირდება. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სავაჭრო ომი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა“, - ამბობს CIBC-ს ტორონტოს ოფისის უფროსი სავალუტო სტრატეგი ბიპან რაი.

გარდა ამისა, ანალიტიკოსების აზრით, დოლარზე უარყოფითად, აშშ-ის საგარეო ვალის ზრდაც მოქმედებს. და ეს იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის ეკონომიკა, განვითარებულ ქვეყნებს შორის, ყველაზე უკეთ გამოიყურება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკვე ორი-სამი წელია, რაც დოლარი მყარდება. და ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია.